რას პასუხობს გორის ჰოსპიტალი კადრების წაშლაზე სააკაშვილს ბრალდებას

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება პატიმრობაში, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ამოიცნო პირი, რომელიც მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში „თავზე დაახტა“.

„ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე მთელი ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.

მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.

აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:

1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ – ეს მკვლელობის მცდელობაა.

2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.

ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა გონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ. თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში. აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (ბადრაგის თანამშრომლებს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა“, – წერს სააკაშვილი.

მედიასიუჟეტი, რომლიდანაც სააკაშვილმა დავით ღონიაშვილი ამოიცნო, „მთავარმა არხმა“ მოამზადა. სიუჟეტის მიხედვით, დავით ღონიაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში და თანამდებობაზე სააკაშვილის გორში გადაყვანის შემდეგ დაინიშნა.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გორის სამხედრო ჰოსპიტალმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცრუ ინფორმაციაა, თითქოს ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.

ჰოსპიტლის განმარტებით, სააკაშვილის პალატაში კამერების დამონტაჟება მისი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მოხდა, 30 დეკემბრის 00:15-საათის შემდეგ კი, რაც სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს, ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის ვალდებულება აღარ არსებობდა.

„იხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 წუთზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა.

ფრო მეტიც, სახელმწიფო ინპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72 საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა“, – წერია განცხადებაში.

ჰოსპიტალი ასევე ადასტურებს, რომ დავით ღონიაშვილი, ჰოსპიტალის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ინსპექტორთან გამოიკითხა, მისცა დეტალური ჩვენება და ინსპექტორს ამ საკითხზე კანონდარღვევა არ დაუფიქსირებია.

„ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სანამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილმა 26 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღწერა შემდეგი შემთხვევა:

„არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო. თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო“.

სააკაშვილისვე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორისგან შეიტყო, რომ საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია, რაც მისთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებამ დანაშაულის კვალი წაშალა.