რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად გითხრათ - სუბარი

პუბლიკა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და არასასიამოვნო, გულწრფელად გითხრათ. ის, რაც ხდებოდა, იყო სრულიად კანონიერი. პოლიციამ ზუსტად იცოდა, სად, როდის ემოქმედა. იქ აჩქარებაზე ან შენელებაზე, ხელოვნურად პროცესის, არ იყო საუბარი და არც უნდა ყოფილიყო.

შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო, პარტია და  ახალი პრემიერობის კანდიდატზე იმსჯელებს… რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში,  ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა“, – უთხრა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.