რატომ გადაწყვიტა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა მთავრობამ - მდინარაძის განმარტება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.

მდინარაძე ამბობს, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა განსაკუთრებით დაბალ რგოლს ეხება და ამით შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, მათი სამუშაო პოზიცია კონკურენტული იყოს კერძო სექტორთან, მეორე მხრივ კი, მათი მოტივაცია გაიზარდოს.

„თქვენ იცით, ჩვენი მიდგომა მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მაგალითად, იცით ისიც, რომ საკანონმდებლო დონეზე მიბმულია პენსიონერების პენსიის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასევე, ამ მიდგომის ფარგლებში ბუნებრივია, პრემიერის ინიციატივაა (რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია), რომ ეკონომიკური და მშპ-ის ზრდის პარალელურად გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება.

„განსაკუთრებით ეს ეხება დაბალ რგოლს, სადაც მათ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ხელფასი ელემენტარულ კონკურენციასაც კი ვერ უწევს კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასს. შესაბამისად, ჩვენი მიდგომის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით დაბალ რგოლს გავუზარდოთ ხელფასი იმისთვის, რომ ელემენტარული მოტივაცია ჰქონდეთ და მათმა პოზიციებმა კერძო სექტორს  ამ კუთხითაც გაუწიოს კონკურენცია“, – განმარტავს მდინარაძე.