რძის პროდუქტის ექსპორტზე რუსეთთან მოლაპარაკება 2020 წლიდან დაიწყო - სურსათის სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

5 მარტს რუსულმა გამოცემა Tass-მა რუსეთის ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის ინიცციატივაზე, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების იმპორტზე ნებართვა გაიცეს.

„ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც. სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართულ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

Tass-ის ცნობით, რუსეთის ფიტოსანიტარიის სამსახურში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 5 მარტს რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის დირექტორი სერგეი დანკვერტი შეხვდა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ზურაბ ჩეკურაშვილსა და აზერბაიჯანის სურსათის სააგენტოს თავმჯდომარეს.