რეფერენდუმი და მავთულხლართები წინა ხელისუფლების პოლიტიკის მემკვიდრეობაა - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კობახიძე გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველო დე ფაქტო რეფერენდუმს არ აღიარებს.

„რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რეფერენდუმი და მავთულხლართები არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროსამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს.

„მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“ – იქნება სარეფერენდუმო შეკითხვა.

ბიბილოვმა მარტში განაცხადა, რომ: „რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა მან.