რეკომენდაცია 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს - „მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს“

მინდია გაბაძე

„70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის“ – ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ახალი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები მიიღეს.

ამასთან, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 1-  18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;