რეორგანიზაცია ეროვნულ მუზეუმში | რას გეგმავს წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში პრესკონფერენცია გამართა, მუზეუმებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.

მისი თქმით, გამოიცა კულტურის მინისტრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც, ეროვნული მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე გენერალური დირექტორისა და ახლად შექმნილი დირექტორატის ხელმძღვანელობის ქვეშ ყალიბდება მუზეუმის 4 ჯგუფი.

მინისტრის განმარტებით, პირველ ჯგუფში შედის შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი, სახელმწიფო გალერეა და სიღნაღის მუზეუმი, რომელსაც უხელმძღვანელებს დირექტორი.

ასევე, ცალკე იქნება სპორტის მუზეუმი და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, თავ-თავიანთი ხელმძღვანელებით.

მეოთხე ჯგუფში შევა სიმონ ჯანაშიას მუზეუმი და მასთან ერთად ამ ჯგუფში წარმოდგენილი 10-ზე მეტი მუზეუმი.

„ეს 4 ჯგუფი ჩაბარდება 4 დირექტორს. დირექტორები შექმნიან დირექტორატს და ამ დირექტორატს საქმიანობაში კოორდინაციას გაუწევს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ბატონი ლორთქიფანიძე, რომელსაც გაწეული შრომისთვის მადლობა მინდა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ სამინისტროს ამ ახალი მოდელის მართვაში მისი მხარდაჭერის იმედი გვექნება“, – თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა პირველ ჯგუფში შემავალი დირექტორატიც წარადგინა. მისი თქმით, ისინი წარმოადგენენ სამოქმედო გეგმას და  ჯგუფს უძელმძღვანელებს ნიკა ახალბედაშვილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა წულუკიანთან ერთად.

„წარმოდგენილია სამი ადამიანი. პირველი იქნება ნიკა ახალბედაშვილი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იუსტიციის სამინისტროში არაერთ პროექტს წარმატებით ხელმძღვანელობდა და ბოლოს, ახლახან ხელმძღვანელობდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, – თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, ნიკა ახალბედაშვილს დახმარებას გაუწევს პროფესიით ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი და ამირანაშილის სახელობის მუზეუმის თანამშრომელი გია მარსაგიშვილი.

„ბატონ ნიკას დამხარებას გაუწევს 2 ღვაწლმოსილი ადამიანი, დიდი გამოცდილების მქონე. ეს არის ნელი კობიაშვილი, რომელსაც წარდგენა თქვენს წინაშე არ სჭირდება. ის არის ძალიან გამოცდილი ჟურნალისტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალბატონი ნელი გახლავთ ფიროსმანის მკვლევარი და ის რამდენიმე ათეული წელია, მუშაობდა ფოროსმანის საკითხზე, აგრძელებდა ლეონიძისა და თაბუკაშვილის ძიების გზას. და მის სახელს ამ და სხვა დიდ ქართველებთან ერთად უკავშირდება ფიროსმანის მოკვლევა, აღმოჩენა და ასევე ფიროსმანის არც თუ ისე ცნობილი ბიოგრაფიის ზოგიერთი ნაწილის თარიღის თუ ზოგიერთი დეტალის მეცნიერულ და მაღალკვალიფიციურ დონეზე შესწავლა.

ის ფერწერულ ნაწილში გაუწევს დახმარებას სამინისტროს, მუზეუმს და ნიკა ახალბედაშვილს.

მესამე არის ბატონი გია მარსაგიშვილი, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან ღირებული კადრი, ის 26 წელია, ამ მუზეუმში არაერთ თანამდებობაზე მუშაობდა, შრომობდა. ის არის ძალიან გამოცდილი ამ მუზეუმის მართვის სფეროში“, – თქვა კულტურის მინისტრმა.

მისი თქმით, სხვა თანამშრომლებს არანაირი ცვლილება არ შეეხებათ და იქნებიან იმ თანამდებობებზე, რომელსაც ამ ეტაპზე იკავებენ.

მინისტრის განმარტებით, UNESCO-დან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მუზეუმში დაცული ხატების (ანჩისხატის, წილკნის და სხვ.) მდგომარეობას ქართველ სპეციალისტებთან ერთად.

მისივე თქმით, კოლექციები, რომლებიც სხვა მუზეუმებშია გადატანილი შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში უნდა დაბრუნდეს და თანამედროვე მეთოდებით იმართოს. წულუკიანმა დასძინა, რომ ჩამოთვლილი გუნდის წევრები შეისწავლიან, თუ რა ინახება ფონდში, რა არა და რა მიზეზით აღარ ინახება.

მინისტრმა გამოსვლის ბოლოს აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს უძღვნის ელენე კავლელიშვილს, რომელიც შალვა ამირანაშილის სახელობის მუზეუმში მუშაობდა.

„დღევანდელი დღე მინდა მივუძღვნა იმ ერთ ქალბატონს, რომელიც ამ მუზეუმს  შეეწირა. მარტოხელად მებრძოლ ქალბატონს, ხშირად დამცირებულს, ადამიანს, რომელზეც ბევრჯერ სხვებმა თქვეს, რომ ვერ გაუგეს. ეს იყო მებრძოლი სული ადამიანი ელენე კავლელაშვილი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა და რომელიც ახლა წმინდა ადგილას განისვენებს“, – განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საგანძურის საინიციატივო ჯგუფის წევრებს. მათ შორის ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს.