„რეზოლუციაში რუსეთის როლი ხაზგასმული არ არის“ - ოპოზიცია „ოცნების“ პროექტს მხარს არ უჭერს

პუბლიკა

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ რამდენიმე საათის წინ განხილული რეზოლუციის ტექსტი, რომლის ძირითად პრინციპებზეც მხარეებმა თანხმობა გამოაცხადეს, საბოლოო შეხვედრაზე შეცვლილი იყო.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტის იმ ვარიანტში, რომლის დაინიცირებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, რუსეთის როლი არ არის ხაზგასმული, რაც იყო ოპოზიციის მოთხოვნა.

„დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო ოპოზიციის მოთხოვნები და ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, შეთანხმებას შევძლებდით. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება და ის ტექსტიც კი, რაც დილით იყო წარმოდგენილი, შეიცვალა, ამ რეზოლუციის თანაავტორი „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება.

როგორ მოიქცევა ზოგადად ოპოზიცია, ამაზე შევჯერდებით, დავილაპარაკებთ, გვექნება საკუთარი წინადადებები. როგორც ვიცი, „ქართული ოცნება” ამ რეზოლუციას დააინიცირებს საკუთარი ინიციატივით.

ოპოზიციის მხრიდან იყო მოთხოვნილი უფრო მკაცრი ფორმულირებები, მაგალითად რუსეთის როლზე ხაზგასმა, რასაც ვნახავთ, რომ რეზოლუციაში ხაზგასმული არ არის. არაერთხელ აღვნიშნე, რომ „ქართული ოცნება“ ფრთხილია ამ პროცესში, რაც გასაგები იყო, მაგრამ ჩანდა, რომ მზად იყო ფორმულირებები, რაც შესთავაზა ოპოზიციამ და არ იყო აცდენილი არც რეალობას და არც იმ ტონს, რაც გვესმის მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრისგან, მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინა ეს შენიშვნები და კომენტარები და მზად არის როგორც ჩანს, იყოს თვითონ ინიციატორი და არ ჩათვალა საჭიროდ ყოფილიყო საერთო“, – განაცხადა სამნიძემ.

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია და არა ის გაუმჯებესებული ვარიანტი, რომელიც დღეს იყო განხილული.

„ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია დავაინიციროთ ცალკე, შესაძლოა კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიებია, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„იცით, რომ ჩვენი შენიშვნები მივეცით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს „ქართულმა ოცნებამ“, – განმარტა დეკანოიძემ.

დღეს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ „პრინციპულ საკითხებზე“ შეთანხმება შედგა და სამუშაო იყო მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის, ტერმინოლოგიაზე.