ტექსტი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგვარი პროვოკაციული რიტორიკიდან - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა, რადგან მხარეები ვერ შეჯერდნენ „რაღაც მცირე დეტალებზე, სიტყვებზე“.

„ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენი ფარქცია, და ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები საგარეო კომიტეტიუდან, საგარეო გუნდის წარმომადგენლები დააინიცირებენ იმ ტექსტს, რომელსაც მე ახლა გაგაცნობთ“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, რეზოლუციის ყველა სიტყვა და ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, დაცლილია პროვოკაციული რიტორიკისგან.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელშიც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან, მათი უფლებების დაცვის ინტერესებიდან და მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან. ისეთი ტექსტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური და პროვოკაციული რიტორიკიდან. ეს არის საკითხი, რაზეც კარგი იქნებოდა რომ შევჯერებულიყავით. იმის გამო, რომ მხარეთა პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, ბუნებრივია, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები საგარეო გუნდიდან დააინიცირებენ იმ ტექსტს, რომელსაც საზოგადოებას გაგაცნობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ რამდენიმე საათის წინ განხილული რეზოლუციის ტექსტი, რომლის ძირითად პრინციპებზეც მხარეებმა თანხმობა გამოაცხადეს, საბოლოო შეხვედრაზე შეცვლილი იყო.