როგორ დაეხმარება მთავრობა ბიზნესსექტორს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკაზე კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ისაუბრა და ასევე ჩამოთვალა ღონისძიებები, რომელთა გატარებასაც გეგმავს სახელმწიფო აღნიშნული ზეგავლენის შესამცირებლად.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსის ზემოქმედება, გლობალურად, ეკონომიკაზე სერიოზული და დიდი იქნება. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ ეკონომიკას მივეხმაროთ და შევარბილოთ ეს დარტყმა, რომ ეს ნეგატიური ზეგავლენა იყოს პროგნოზირებადი და რეაქცია იყოს დაგეგმილი. რა თქმა უნდა, პირველადი დარტყმა მიადგება იმ სფეროს, რომელიც იყო ჩვენი ეკონომიკის ძირითადი დრაივერი – ტურიზმს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ამ სექტორში მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, რათა დარჩეთ ფინანსური რესურსი, რომ შეძლონ მიღწევების შენარჩუნება. მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მსგავს კომპანიებს მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, გუშინ საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ობიექტური საჭიროება ექნება, სესხები გადაუვადონ [რესტრუქტურიზაცია მოხდება] უახლოესი 3-4 თვით.

„ამ საშუალებით მხოლოდ ტურიზმის სექტორში 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს დავტოვებთ. ფიზიკური პირები, აუცილებელობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან ფინანსური ვალდებულებისგან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, მთავრობა ამ ეტაპზე ისეთ დარგებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებში 4 თვით გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს. ეს შეეხება 18 000 კომპანიას და 50 0000-ზე მეტ დასაქმებულს.