როგორ ეხმაურება ოპოზიცია კალაძის განცხადებას ხმების გადათვლასთან დაკავშირებით

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურებიან, სადაც კალაძემ განაცხადა რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე,- ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეო ჩანაწერების ნახვაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, “არჩევნები იმდენადაა გაყალბებული”, რომ უბნების ხელახალი გადათვლა რეალური შედეგების მომცემი არაა.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი ხმების გადათვლა არ იქნებოდა, რადგან ეს შედეგების სურათს ვერ აჩვენებს. როგორ უნდა გადავთვალოთ კარუსელში მონაწილე ხალხი და ისინი ვისაც პირადობები წაართვეს? წითელი ხაზი არის ხელახალი არჩევნები და არა ხმების გადათვლა,” – განუცხადა „რუსთავი 2-ს“ ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ხმების გადათვლა ვერ მოიცავს გაყალბების სურათს.

“გუშინ ცესკოში რაც ქნეს, უკანონოდ და ნაჩქარევად შეაჯამეს ეს ყველაფერი იმ პანიკაზე მეტყველებს, რომელიც ამ რეჟიმს აქვს. იმ უბნების გადათვლაზეც კი, სადაც ოპოზიციის საჩივრები იყო თვითონ არ იყვნენ მზად და ამიტომ გვითხრეს უარი. მათი კონტროლის ქვეშ არის ყველა ის ინსტიტუტი, რომელმაც უარი გვითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადათვლები, ვერ მოიცავს გაყალბების მასშტაბს, უბრალოდ გადათვლა და გახსნა ავლენს უტიფარ ხასიათს. უარი როგორ უნდა გვეთქვა ამაზე, უბრალოდ ეგ არ არის გამოსავალი, თორემ ეგ უნდა მომხდარიყო, რადგან საჩივრები გვქონდა დაწერილი,” – განუცხადა „რუსთავი 2-ს“ გიგა ბოკერიამ.

პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი ოპოზიციას უარი არაფერზე უთქვამს,  წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები არა თუ გაგრძელდებოდა, არამედ უკვე დასრულებული იქნებოდა.

„კალაძე იმ შეხვედრას არ ესწრებოდა, ამასთან, შეხვედრა და დიალოგის ფორმატი ნარჩუნდება. ჩვენ ვართ შეთანხმებულები რომ დეტალებზე არ უნდა ვისაუბროთ და ასეც ვაკეთებთ, ეს განცხადება კალაძის ტრადიციულად მდაბიო საქციელია. ჩვენ არაფერზე უარი არ გვითქვამს, რამეზე რომ კატეგორიული უარი გვეთქვა, მოლაპარაკებები დასრულდებოდა, თუმცა გრძელდება,” – უთხრა „რუსთავი 2-ს“ ალეკო ელისაშვილმა.