როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები პრეზიდენტის ინიციატივას, ინკლუზიური პროცესის წამოწყებაზე

პუბლიკა

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა პოლარიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ქვეყანა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ გამოსვლას შეფასებები მოჰყვა როგორც ხელისუფლების წამომადგენლების, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან.

ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე. მისი სიტყვებით, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას:

„არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს. ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა: ფიქრი და ქმედება მართმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი“, – წერს დეკანოიძე.

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოთქვამს მზაობას, ჩაერთოს პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. ელენე ხოშტარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ხელშია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი.

„მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა, მაგრამ ყველანირი კომპლექსის გარეშე, მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს, ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.

პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფიქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.“, – ამბობს ელენე ხოშტარია.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის განცხადება ცარიელი სიტყვები არაა და ზურაბიშვილი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას. მისივე თქმით, ზურაბიშვილის ინიციატივა მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა – საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას“, – ამბობს ხაზარაძე.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შერიგებაზე, მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე ყველა ინიციატივა სწორია. თუმცა, ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია „ ვინ, როგორ და რანაირად წარმართავს პროცესს“.

„აქვე ვიტყვი, რომ ისეთი პროცესი, რომელიც მიშელის მიერ წარიმართა და ისტორიული შანსი იყო ქვეყნისთვის, მსგავსი დონის პოლიტიკური ჩართულობით დასავლეთიდან, ჩვენს ქვეყანაში აღარ შედგება. ამიტომ, ამ ეტაპზე, გაუგებარია, ვინ, როგორ და რანაირად წარმართავს პროცესს, რომელმაც შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს.

თუ პრეზიდენტი მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გამოიყენებს შეთანხმებისთვის კონკრეტული ნაბიჯის გადასადგმელად, მხოლოდ მივესალმები“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად საყოველთაო შერიგების შესახებ ინიციატივა მნიშვნელოვანია და აუცილებელი ქვეყნისთვის, თუმცა მას გარკვეული წინაპირობები აქვს.

„ჩამოთვალონ დანაშაულები, არა მარტო მოინანიონ, თქვან, რომ ამის ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით – ალბათ, სალომე ზურაბიშვილიც ამას გულისხმობდა“, – განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი, სანამ „ენმ“ არ აღიარებს „პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულს“.

„სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოდის, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა მისი არაერთი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.