როგორ განმარტავენ ღუდუშაურის კლინიკაში აცრის შემდეგ „150-ლარიან VIP დაკვირვებას“

პუბლიკა

„VIP მომსახურება“ – მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის შემდეგ მოცდის პერიოდში მოქალაქეები კლინიკებში ყველა საჭირო მომსახურებას იღებენ, ღუდუშაურის კლინიკა მოქალაქეებს დამატებით ფასიან მომსახურებას სთავაზობს. როგორც „პუბლიკამ“ კლინიკაში გაარკვია, VIP მომსახურების ღირებულება 150 ლარია.

„პუბლიკა“ ღუდუშაურის კლინიკაში ამ მომსახურებაზე მითითებულ საკონტაქტო პირს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, კლინიკამ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების მოთხოვნის გამო მიიღო, რადგან „მოსახლეობაში შიშია“.

„პაციენტების სურვილი იყო და მოთხოვნა ასეთი, ამიტომ გვაქვს [მომსახურება]. აი, დღესაც დარეკა ერთმა და მოითხოვა ეს მომსახურება. ამ მომსახურების ღირებულებას მე ვერ გეტყვით დარეკეთ საინფორმაციოში…

…თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დანერგილი არის შიში… ეს შიში არის თქვენი, ჟურნალისტების საოცარი დამოკიდებულებით, სხვათა შორის. ამიტომ არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ითხოვს ასეთ მომსახურებას, ამიტომ კლინიკამ შექმნა და მოხდა გათვალიწინება.

დიახ… ფასიანი მომსახურებაა. სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირია ალბათ. მე ვერ გეტყვით. ეს მომსახურება ყველა ქვეყანაში არსებობს. უბრალოდ, რადგან იყო მოთხოვნა, კლინიკამ დააკმაყოფილა, დამთავრდა“, – გვიპასუხეს კლინიკაში.

„პუბლიკამ“ კლინიკის საინფორმაციო სამსახურში მომსახურების ფასის გასარკვევად დარეკა. საინფორმაციოში გვითხრეს, რომ აცრის შემდეგ მოქალაქემ, ვისაც VIP მომსახურებით სარგებლობა სურს, 150 ლარი უნდა გადაიხადოს. მათივე თქმით, ამ თანხაში 24-საათიანი დაკვირვება შედის.