როგორ იმუნიტეტს გამოიმუშავებს Covid-ინფექცია ჯერ უცნობია - ხათუნა ზახაშვილი

პუბლიკა

„რამდენ ხანს, როგორი დაძაბულობის იმუნიტეტს გამოიმუშავებს Covid-ინფექცია ჯერჯერობით ისევ შესწავლის საგანია“, – ამის შესახებ დაავადება კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

„დაველოდოთ, ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი და ხელმისაწვდომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს ვირუსი ძალიან ახალია, ბევრი რამ უცნობია იმის შესახებაც, როგორ რეაგირებს ამ ვირუსზე, როგორ ანტისხეულებს, როდის გამოიმუშავებს“, – თქვა მან.

ზახაშვილის თქმით, უცნობია, ახალი კორონავირუსული ინფექცია არის თუ არა იმგვარი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ემართება ადამიანს, თუ ის განმეორდება.

„უცნობია ეს იქნება ისეთი ვირუსი, რომელიც ერთხელ შეგხვდათ, გადაიტანეთ და მერე მთელი ცხოვრება დაცული ხართ ამ ვირუსისგან, თუ პერიოდულად კიდევ განმეორდება სიცოცხლის მანძილზე. ისე როგორც გრიპისთვის არის დამახასიათებელი“, – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

„ზოგადად ასე არის ცნობილი, რომ ვირუსის ან ინფექციური სხვა აგენტის შეჭრის შემდეგ, ორგანიზმი იწყებს რეაგირებას ამ უცხო სხეულზე, ანტისხეულების ჩამოყალებების თვალსაზრისით, ჯერ ყალიბდება, ე.წ. მწვავე პროცესის მაბლოკირებელი ანტისხეულები.  ე.წ. იმუნოგლობულინი M. ასე არის ცნობილი და მოგვიანებით უკვე ყალიბდება იმუნოგლობულინი G, რომელიც ნარჩუნდება ორგანიზმში გარკვეული პერიოდი, იმუნოგლობულინი M-ის კონცენტრაცია ამ დროს იკლებს, მერე საბოლოოდ ქრება და ორგანიზმში უფრო ხანგრძლივად რჩება იმუნოგლობულინი G“, – თქვა მან.