როგორ მიმდინარეობს გელათის რეაბილიტაცია - მოსაყდრე შიომ პრეზენტაცია გამართა

პუბლიკა

საპატრიარქოში გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სამღვდელოების წარმომადგენლები, მეცნიერები და რესტავრატორები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი შიო. მან ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმების შესაბამისად ჩამოყალიბებული გელათის მართვის დროებითი კომიტეტის მიერ გაწეული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის – იუნესკოს მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც, ამ არასრული ორი თვის განმავლობაში, საპატრიარქოს მიერ შესრულდა საწყისი ეტაპისთვის აუცილებელი შემდეგი სამუშაოები:

1. იუნესკოს რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს საპატრიარქომ დააფუძნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. საკონსერვაციო სამუშაოების მაღალი სამეცნიერო სტანდარტით შესრულებისათვის, კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო და ადგილობრივ მეცნიერთა საბჭოები.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტები, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებით.

2. იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყონებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.

ამის განსახორციელებლად, ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ გერმანულ კომპანია „ლეიერთან“, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი.

3. მოგეხსენებათ, რომ გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება.

4. ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის – იუნესკოს მოთხოვნის თანახმად, ჩვენი ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შეიქმნა გელათის ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია. ეს პროცესი, როგორც მთელი ტაძრის სივრცეზე, ასევე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობაზეც განხორციელდება.

5. იუნესკოს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა, რომელიც პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო მიდგომებს. ასეთი ტიპის უსაფრთხო ხარაჩო, ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სპეციალისტების მუშაობას საკურთხევლის აფსიდში.

6. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია – „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან“.

ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი – ბატონი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი – ბატონი კრისტიანო რუსსო, გელათში 1 ივნისს ჩამოვლენ. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ამჟამად რომის კოლისეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა პრეზენტაციაზე.

მიტროპოლიტის თქმით, გელათის აღდგენის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მედიისა და ინტერნეტპლატფორმის მეშვეობით გაუზიარებენ ხოლმე.

საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესის მართვა 6 აპრილს გადაიბარა. გელათში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ დარგის სპეციალისტები ბოლო წლებია, საუბრობენ. გელათის აღდგენა კულტურის სამინისტროს ებარა, მაგრამ უწყებას პროცესის არასათანადოდ წარმართვის გამო აკრიტიკებდნენ.