როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი - კობახიძე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი.

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებში ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე.

თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი.

შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 36 მანდატი; – ევროპული საქართველო – 5 მანდატი; – ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი; – მოქალაქეები – 2 მანდატი; – ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი. შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ცხრა პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტურში, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა უკვე დასრულდა.


საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური, 17 მაჟორიტარულ ოლქში იმართებოდა. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ პირველი ტურის შედეგებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ. 31 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე ოპოზიციის ორგანიზებიც არაერთი აქცია გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ხელახალი არჩევნები და ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაა ოპოზიციის მოთხოვნა. “ქართული ოცნება” ახალი არჩევნების ჩატარებაზე უარს აბობს და ოპოზიცია მოუწოდებს აღიაროს არჩევნების შედეგები.

მოლაპარაკებები იმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. ოპოზიცია ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. ფასილიტატორების მონაწილეობით შეხვედრების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მესამე რაუნდი. ფასილიტატორი ელჩები ორივე მხარეს კომპრომისის მოძებნისკენ მოუწოდებენ.