როგორია ახალციხეში აცრილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.

„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი  მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობას და ვაქცინაციას შორის.

მდგომაროება ამ დროისთვის პაციენტის არის მძიმე. მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო უკვე მისი თბილისში ტარნსპორტირების პროცესი. შემდგომ მკურნალობა და მდგომარეობის მართვა გაგრძელდება თბილისში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში.