როგორია კორონავირუსის გადატანის შემდეგ სკოლაში დაბრუნების პროცედურები

პუბლიკა

სკოლის მოსწავლის, მასწავლებლის ან თანამშრომლის ინფიცირების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, განსაზღვროს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები (მოსწავლეები, მასწავლებლები, თანამშრომლები) და უზრუნველყოს, რომ ისინი სამსახურში არ გამოცხადდნენ.

მოსწავლის ინფიცირების შემთხვევაში კონტაქტირებულად ჩაითვლება ძირითადად თანაკლასელები, ცალკეულ შემთხვევაში სკოლის თანამშრომლები.

მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევაში, გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) გაკვეთილების ჩატარებისას კონკრეტული კლასის მოსწავლეები კონტაქტირებულად ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ – მასწავლებელი მოძრაობდა კლასში და არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას თითოეული მოსწავლის მიმართ; მასწავლებელს არასწორად ეკეთა ან საერთოდ არ ეკეთა პირბადე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაცემული რეკომენდაციების დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია.

როგორია სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის/სკოლაში დაბრუნების პროცედურები?

დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს  ტესტირებას.

მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იმავე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;

სკოლის მასწავლებლების/თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები.