როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ - დავით უსუფაშვილი

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებსა და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება.

„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახლი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება.” – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.


გუშინ პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, რის შედეგაც 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ს შეფასებით, ჭავლის გამოყენება მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს სამართალდამცავებმა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არალეგიტიმური ძალის გამოყენებას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირია დაკავებული.