რუსეთი უკვე მეოთხე დღეა უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. წუხელ ინტენსიურად იბომბებოდა კიევი და რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ბორისპოლი, ნიკოლაევი, ვასილკოვი, ხარკოვი. ოფიციალური პირების მხრიდან პოზიციების ცვლილებაზე განცხადება არ გაკეთებულა. ექსპერტები ამბობენ, რომ კიევმა გაუძლო ავიაიერიშებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღირება. აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ფინანსური სანქციები დაუწესეს.
გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.
21:00 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ომია და შესაბამისად თურქეთმა გადაწყვიტა ჩაკეტოს ბოსფორის სრუტე რუსული გემებისთვის.
19:32 დღეს, 27 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული აგრესიის დასაგმობად ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში აქციები გაიმართა ან დაიგეგმა.
18:35 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსული შემაკავებელი ძალების, მათ შორის ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, ორშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებაზე ზეწოლის მცდელობაა.
18:22 ზელენსკი წერს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს ბელორუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.
18:03 პრეზიდენტმა ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკასთან საუბრის შემდეგ მოლაპარაკებებში უკრაინის მხარის მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
16:52 ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ეს ძალები ბირთვულ იარაღს გულისხმობს.
16:40 Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს აუქმებს.
16:19 გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგს მიმართა, მისი თქმით, „ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“.
16:01 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით უკვე ოფიციალურად მიმართა ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს.
15:25 ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსს შეუჩერებენ.
15:19 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი BBC-ის ეთერში ამბობს, რომ ის მხარს დაუჭერს ბრიტანეთის მოქალაქეებს თუ კი ისინი რუსეთის წინააღმდე უკრაინის დასახმარებლად ცასვლას გადაწყვეტენ.
15:11 გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, CNN წერს, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 64 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა.
14:40 უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ საიდუმლო დოკუმენტები, როდესაც გოსტომელს შეუტიეს.
14:23 „საფრანგეთი უკრაინას საწვავის მარაგს და თავდაცვით აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის წინააღმდეგობას რუსეთის წინააღმდეგ” – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.
13:22 ვიდეო: რუსი მოროდიორები ხარკოვში მაღაზიას ძარცვავენ | Liveuamap
13:06 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩამოყალიბდება საერთაშორისო ლეგიონი მათთვის, ვისაც უკრაინის დაცვა სურს.
12: 20 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ უცხოელებს, ვისაც სურს უკრაინის თავდაცვის ლეგიონის ნაწილი გახდეს, დაუკავშირდნენ უკრაინის დიპლომატიურ მისიებს მათსავე ქვეყნებში.
12: 16 უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა სრულად აკონტროლებს კიევს, მარიუპოლს, ჩერნიგოვს და ხარკოვს.
12:02 SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი, ამბობს, რომ Starlink უკრაინაში ჩართულია.
11: 48 კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ბელარუსში და მზად არის უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
10:39 რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში არიან, სადაც ამ წუთებში ბრძოლა მიმდინარეობს.
10:33 „რუსეთმა ვერ შეძლო კიევის ალყაში მოქცევა, როგორც ის ამას გეგმავდა“ – ასე აჯამებს BBC ღამის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებმაც ამ დროისთვის ბოლო შეფასება გამოაქვეყნეს.