რუსეთის ომი უკრაინაში - დღე 4 | განახლებადი

პუბლიკა

რუსეთი უკვე მეოთხე დღეა უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. წუხელ ინტენსიურად იბომბებოდა კიევი და რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ბორისპოლი, ნიკოლაევი, ვასილკოვი, ხარკოვი. ოფიციალური პირების მხრიდან პოზიციების ცვლილებაზე განცხადება არ გაკეთებულა. ექსპერტები ამბობენ, რომ კიევმა გაუძლო ავიაიერიშებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღირება. აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ფინანსური სანქციები დაუწესეს.

გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.


 

21:00 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ  განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ომია და შესაბამისად თურქეთმა გადაწყვიტა ჩაკეტოს ბოსფორის სრუტე რუსული გემებისთვის.

ვრცლად.

19:32 დღეს, 27 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული აგრესიის დასაგმობად ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში აქციები გაიმართა ან დაიგეგმა.

ვრცლად

18:35 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსული შემაკავებელი ძალების, მათ შორის ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, ორშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებაზე ზეწოლის მცდელობაა.

ვრცლად.

18:22 ზელენსკი წერს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს ბელორუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.

ვრცლად.

18:03 პრეზიდენტმა ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკასთან საუბრის შემდეგ მოლაპარაკებებში უკრაინის მხარის მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ვრცლად.

16:52 ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ეს ძალები ბირთვულ იარაღს გულისხმობს.

ვრცლად.

16:40 Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს აუქმებს.

ვრცლად.

16:19 გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგს მიმართა, მისი თქმით, „ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“.

ვრცლად.

16:01 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით უკვე ოფიციალურად მიმართა ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს.

ვრცლად.

15:25 ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსს შეუჩერებენ.

ვრცლად.

15:19 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი BBC-ის ეთერში ამბობს, რომ ის მხარს დაუჭერს ბრიტანეთის მოქალაქეებს თუ კი ისინი რუსეთის წინააღმდე უკრაინის დასახმარებლად ცასვლას გადაწყვეტენ.

ვრცლად.

15:11 გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, CNN წერს, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 64 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა.

ვრცლად.

14:40 უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ საიდუმლო დოკუმენტები, როდესაც გოსტომელს შეუტიეს.

ვრცლად.

14:23 „საფრანგეთი უკრაინას  საწვავის მარაგს და თავდაცვით აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის წინააღმდეგობას რუსეთის წინააღმდეგ” – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.

ვრცლად.

13:22 ვიდეო: რუსი მოროდიორები ხარკოვში მაღაზიას ძარცვავენ | Liveuamap

ვრცლად

13:06 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩამოყალიბდება საერთაშორისო ლეგიონი მათთვის, ვისაც უკრაინის დაცვა სურს.

ვრცლად.

12: 20 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ უცხოელებს, ვისაც სურს უკრაინის თავდაცვის ლეგიონის ნაწილი გახდეს, დაუკავშირდნენ უკრაინის დიპლომატიურ მისიებს მათსავე ქვეყნებში.

ვრცლად.

12: 16 უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა სრულად აკონტროლებს კიევს, მარიუპოლს, ჩერნიგოვს და ხარკოვს.

ვრცლად.

12:02 SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი, ამბობს, რომ Starlink უკრაინაში ჩართულია.

ვრცლად.

11: 48 კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ბელარუსში და მზად არის უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

ვრცლად.

10:39 რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში არიან, სადაც ამ წუთებში ბრძოლა მიმდინარეობს.

ვრცლად.

10:33 „რუსეთმა ვერ შეძლო კიევის ალყაში მოქცევა, როგორც ის ამას გეგმავდა“ – ასე აჯამებს BBC ღამის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებმაც ამ დროისთვის ბოლო შეფასება გამოაქვეყნეს.

ვრცლად.