რუსეთი უკვე მეექვსე დღეა უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. იბომბება ქალაქები: კიევი, ბორისპოლი, ნიკოლაევი, ვასილკოვი, ხარკოვი. პარალელურად გუშინ გაიმართა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, თუმცა რაიმე შედეგი ჯერ მიღწეული არ არის.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ფინანსური სანქციები დაუწესეს.
გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.
21:31 „კადიროვის ელიტარული რაზმი, რომელიც გეგმავდა ზელენსკის მოკვლას, განადგურებულია“, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ukrainskaia pravda ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
20:22 ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
16:51 ხარკოვში დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა და, დაახლოებით, 35 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯერ კიდევ გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა.
14:51 „ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან. მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.
14:24 რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში მათი „სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება, სანამ წინასწარ დასახულ მიზნებს არ მიაღწევენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
12:46 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმიის მიერ ხარკოვში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა მიზანმიმართული იყო და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
11:42 ჰოლივუდის კინოსტუდიები – Disney, Warner Bros. და Sony Pictures Entertainment აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ფილმების გაშვებას აჩერებენ.
11:21 რუსი სამხედროები ხერსონში გამოჩნდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, მოახერხეს თუ არა მათ ქალაქის შიგნით წინსვლა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები შენიშნეს სამხრეთით, ქალაქის აეროპორტთან.
10:22 რუსეთში Netflix-ისა და Spotify-ის მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ გადაიხადონ საბანკო ბარათებით. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.
09 57 უკრაინის ქალაქ ახტირკაში რუსი სამხედროების მიერ სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად დაახლოებით 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.
09:32 ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლების, მედიის წარმომადგენლების, გავლენიანი პირებისა და კომპანიების მორიგ სიას აქვეყნებს, რომელსაც სანქციები შეეხებათ.