რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაღესტნელი ჟურნალისტის გამამტყუნებელი განაჩენი ტერორიზმის საქმეზე

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაღესტნელი ჟურნალისტის, აბდულმუმინ გაჯიევის, პროგრამისტ ქემალ ტამბიევისა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, აბუბაქარ რიზვანოვის საქმეზე გამოტანილი განაჩენი. გადაწყვეტილების შესახებ ოთხშაბათს გაჯიევის ვაჟმა, ადამმა თავის Telegram-არხზე განაცხადა.

დაცვის მხარემ განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მისი გაუქმების საფუძველი ვერ იპოვა. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მანამდე გამოტანილი განაჩენები უცვლელი რჩება.

2023 წლის სექტემბერში დონის როსტოვში მდებარე სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ აბდულმუმინ გაჯიევს მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქემალ თამბიევს 17.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო აბუბაქარ რიზვანოვს – 18 წლით. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებებში.

გამოძიების ვერსიით, სამივე ბრალდებული დაკავშირებული იყო დაღესტნელ მქადაგებელ ისრაილ ახმედნაბიევთან, რომელიც უფრო მეტად აბუ უმარ სასიტლინსკის სახელით არის ცნობილი. გამომძიებლების მტკიცებით, ახმედნაბიევმა შექმნა სტრუქტურა, რომელიც რუსეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ბრალდებულები ამ სტრუქტურას ეხმარებოდნენ.

გაჯიევს ბრალად ედებოდა ახმედნაბიევის საქმიანობის პოპულარიზაცია და მისი მონაწილეობით მომზადებული მასალების გავრცელება. ბრალდების მხარის თანახმად, რიზვანოვი თანხებს საქველმოქმედო ფონდ „ანსარის“ მეშვეობით აგროვებდა, რომელიც თამბიევთან ერთად ჩართული იყო დაღესტანში ჰაფიზების სკოლის (სასწავლებელი, სადაც ყურანის ზეპირად დამახსოვრებას სწავლობენ) მშენებლობისთვის ფონდების მოძიებაში. გამომძიებლების მტკიცებით, შეგროვებული თანხების ნაწილი ტერორისტული საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა.

ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა ყველა ბრალდება უარყვეს. მათი თქმით, თანხები მხოლოდ საქველმოქმედო და რელიგიური პროექტებისთვის გროვდებოდა და აკრძალულ ორგანიზაციებთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

ადვოკატების თქმით, საქმეში ბრალდებულთა დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ინფორმაციით, რამდენიმე მოწმემ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება მოგვიანებით უკან წაიღო. ერთ-ერთმა მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ, ხოლო ორმა ანონიმურმა მოწმემ დაცვის მხარის დამატებით კითხვებს პასუხი არ გასცა, მიზეზად კი თავის ტრავმა და მეხსიერების პრობლემები დაასახელა.

განაჩენის გამოცხადებისთანავე საქმის განმხილველ მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე რიზვან ზუბაიროვმა საჯაროდ გამოხატა განსხვავებული აზრი თავისი კოლეგების გადაწყვეტილების მიმართ და განაცხადა, რომ განაჩენი საკმარისი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. ადვოკატებმა მის ოფიციალურ განსხვავებულ აზრს „სისხლის სამართლის პროცესში უნიკალური პრეცედენტი“ უწოდეს. მოგვიანებით ზუბაიროვი სასამართლოდან გაათავისუფლეს.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე გაჯიევი დაღესტნის დამოუკიდებელ გაზეთ ჩერნოვიკში ჟურნალისტად მუშაობდა, სადაც სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, რელიგიასა და ადამიანის უფლებებს აშუქებდა. ის თავდაპირველად 2019 წლის ივნისში დააკავეს და თავიდან მხოლოდ ტერორიზმის დაფინანსებას ედავებოდნენ. მოგვიანებით საქმეს დაემატა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებებიც.

დაკავების შემდეგ ჟურნალისტმა არაერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო. მისმა კოლეგებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა დაღესტანში რელიგიურ ცხოვრებაზე გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალებსა და პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირეს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მანამდეც მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლონ გაჯიევი და საქმის ხელახალი განხილვა უზრუნველყონ.

2025 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის სასამართლოების მსჯელობა დაუსაბუთებელი იყო, და სახელმწიფოს აბდულმუმინ გაჯიევისთვის 6 000 ევროს (დაახლოებით 6 800 აშშ დოლარის) ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.