რუსეთს სპორტულ ტურნირებში, მათ შორის, ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა

პუბლიკა

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთი ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირიდან 4 წლით მოკვეთა. მათ შორის, რუსეთის დროშა და ჰიმნი არ დაიშვება 2020-ის ტოკიოს ოლიმპიადასა და 2022 წელს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთში.

მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებსაც არ შეეხოთ გახმაურებული დოპინგის სკანდალი და წარმატებით გაიარეს ტესტი, შეეძლებათ ამ ტურნირებში მონაწილეობა ნეიტრალური დროშის ქვეშ.

გადაწყვეტილება მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციის სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღეს. რუსეთს მისი გასაჩივრებისთვის 21 დღე აქვს.

სპორტული ღონისძიებებიდან მოკვეთა შეეხოთ რუს სახელმწიფო მოხელეებსაც. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს საერთაშორისო ტურნირებზე დასწრებაც ეკრძალებათ, ხოლო რუსეთი 4 წლის განმავლობაში ვერც მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს მხოლოდ „ევრო 2020-ზე“ შეეძლება მონაწილეობის მიღება. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი სანკტ-პეტერბურგია, ხოლო UEFA, რომელიც ევროპის ჩემპიონატს უწევს ორგანიზებას, „მნიშვნელოვან სპორტულ ორგანიზაციად“ არ მიიჩნევა WADA-თვის.