რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაძლოა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაუქმდეს - კალაშნიკოვი

პუბლიკა

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შესაძლოა, ფსოუზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაუქმდეს. ამის შესახებ რუსეთის დუმაში დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„ამ პრობლემის არსებობაზე წლიდან წლამდე ვსაუბრობთ, მაგრამ აქამდე არ მოგვარებულა. ჩვენ შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, მაგრამ, ამის გარდა, დავსვით უფრო სერიოზული კითხვებიც იმაზე, როგორ შეიძლება გავაუქმოთ ეს პუნქტი ისევე, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაში მოვახერხეთ“, – თქვა კალაშნიკოვმა.

დუმის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტიის წევრმა, ანა კუზნეცოვამ ეს ინიციატივა პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მათი თანამემამულეების ოჯახებმა კომფორტულად შეძლონ აფხაზეთში შესვლა და გასვლა. თანაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვში ამავე თხოვნით ჩავიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში ვიზიტით იმყოფება. სწორედ მის ვიზიტს მოჰყვა დუმაში ეს ინიციატივა. თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

LB loan image desktop LB loan image mobile