რუსული ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებმა — Wildberries-მა და Ozon-მა სომხური პროდუქციის გაყიდვა შეაჩერეს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

რუსეთმა უმსხვილეს ონლაინპლატფორმებზე, Wildberries-სა და Ozon-ზე, სომხური პროდუქციის გაყიდვა შეზღუდა. მიზეზად საბაჟო მოთხოვნების ცვლილება დასახელდა, რაც გამყიდველებისგან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს. ერევანში აცხადებენ, რომ Wildberries-თან დაკავშირებული მოვლენების უკან სომხეთის ორი ოპოზიციური პარტია დგას.

შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია 1 მაისს გავრცელდა.

„რუსეთში იმპორტირებული საქონლის განბაჟების პროცედურების ცვლილებების გამო, სომხეთიდან მიწოდებასთან დაკავშირებით დროებითი სირთულეები შეიქმნა“, – დაწერა სომხეთში Ozon-ის ხელმძღვანელმა, ჰაიკ კარაპეტიანმა Facebook-ზე.

კარაპეტიანისვე თქმით, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ შეკვეთების გაუქმება, რადგან გვიანდება პროდუქციის მიწოდება, რუსეთში მცხოვრები მომხმარებლებისთვის პროდუქციის ჩამონათვალი დამალეს.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სომეხი მეწარმეების ყველა ის პროდუქცია, რომელიც „რუსეთში Ozon-ის საწყობებშია განთავსებული, შეზღუდვების გარეშე იყიდება“, ხოლო სომხეთის შიგნით ადგილობრივი გამყიდველებისთვის არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.

მსგავსი განცხადება გაავრცელა Wildberries-მაც, სადაც აღნიშნულია, რომ საბაჟო რეგულაციებში ცვლილებები 20 აპრილიდან ამოქმედდა.

„კომპანია მუდმივად ესაუბრება პარტნიორებს და შესაბამის სტრუქტურებს და ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას“, – ნათქვამია Wildberries-ის განცხადებაში.

Wildberries-მა ასევე აღნიშნა, რომ შეხვდნენ სომეხ გამყიდველებს, რომლებსაც 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათ განიხილეს „წარმოქმნილი პრობლემები“. კომპანიამ იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა შექმნილ ვითარებაში ორი ოპოზიციური პარტია დაადანაშაულა, თუმცა, ისინი არ დაასახელა, და მიანიშნა, რომ მათ მხარდამჭერებს „განსაკუთრებით უხაროდათ ეს პრობლემები“.

„თქვენ აქამდე მიხვედით იმით, რომ თვეების განმავლობაში სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან სომხეთის წინააღმდეგ საჩივრებს აგზავნიდით. ჩვენ ამ საკითხს მალე გადავწყვეტთ“, – განაცხადა პაპოიანმა და დასძინა, რომ „სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ“.

ამავე დღეს პრორუსი სომეხი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილს, ნარეკ კარაპეტიანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა შესაძლო შედეგებზე. კითხვების დასმისას ჟურნალისტებმა გამოთქვეს ვარაუდები იმის შესახებ, თუ რატომ „გაამკაცრა რუსეთმა სანქციები„ სომხეთის წინააღმდეგ – ერთ-ერთ მიზეზად მათ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე (EPC) ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი დაასახელეს.

ერევანში ყოფნისას ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრა გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

„მოქმედმა მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის გეოპოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ მანევრებზე, რადგან თითოეულ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ ეს შედეგები ჩვენი ეკონომიკისთვის ნეგატიური არ იქნება“, – განაცხადა ნარეკ კარაპეტიანმა.

მან ასევე დასძინა, რომ არსებობს რისკი, ზელენსკის ვიზიტმა კიდევ უფრო „გაართულოს ურთიერთობა“ რუსეთთან.

აპრილის დასაწყისში სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ თუ ფაშინიანი ხელისუფლებაში დარჩებოდა, ივლისში რუსეთთან „ეკონომიკური ომი“ დაიწყებოდა. ეს გაფრთხილება, როგორც ჩანს, პასუხი იყო ფაშინიანის მუდმივ რიტორიკაზე იმის შესახებ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება სექტემბერში აზერბაიჯანთან ომს გამოიწვევს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ კარაპეტიანის პარტიათა ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ მთავარი კონკურენტი იქნება 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე.

1 მაისს გევორქ პაპოიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაახლოებით 1.4 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი „ჯერმუკისაკრძალვაში პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს – ამის მიზეზად რეგულაციების დარღვევა დასახელდა.

ჯერმუკის“ აკრძალვის ორი ტალღა მოჰყვა კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების განახლებას, რაც 1 აპრილს მოსკოვში ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ დაძაბულ მოლაპარაკებებს დაემთხვა.

გარდა „ჯერმუკის“ შემთხვევისა, ფაშინიან-პუტინის მოლაპარაკებებისთანავე რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტი გაამკაცრა და სომხეთი დაადანაშაულა იმაში, რომ „ძალიან მიუახლოვდა იმ წერტილს, რომლიდანაც მოგვიწევს ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების რესტრუქტურიზაცია“.

რუსეთს ადრეც ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის სომხეთზე, ეკონომიკური ზეწოლის იარაღად იყენებდა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.