„სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ" - ალეკო ელისაშვილი

პუბლიკა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკების მომდევნო, IV რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა კომენტარი გააკეთეს მედიასთან. პარტია „მოქალაქეევის” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია და „ქართული ოცნება” დღეს არაფერზე შეთანხმებულან.

„ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, რომ არ ვთქვათ მოლაპარაკების დეტალები. ერთი სული მაქვს დეტალებზე ვისაუბროთ… არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს ტუტუცია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეკითხვაზე რაზე შეთანხმდნენ დღეს „ქართულ ოცნებასთან” უპასუხა – „სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ”.


ოპოზიცია ახალ არჩევნებს, მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, პირველი ორის გარეშე, პრაქტიკულად, მესამე მოთხოვნაზე მიმდინარეობს საუბარი. მათივე თქმით, „პოლიტპატიმრებისა” და ახალი არჩევნების გარეშე მესამე კომპონენტზე საუბარი ფუჭად მიაჩნიათ.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ როგორც ახალი არჩევნები, ისე პლებისციტი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით „წითელი ხაზია“.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა. მანდატი „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა მიიღო. 60 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და პირველი სხდომის დღეს პარალელურ ღონისძიებას გეგმავს.