საერთაშორისო მედია: საქართველო სერიოზული გამოცდის წინაშე და აღდგომა სხვა ქვეყნებში

პუბლიკა

„საქართველო, ერთი შეხედვით, კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი იყო. ახლა კი ქვეყანა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას“, – წერს CNN აღდგომას მრევლის ეკლესიებში შეკრებაზე.

BBC წერს, რომ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მთავრობებმა საზოგადოებას მოუწოდეს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად სააღდგომო წირვას არ დასწრებოდნენ, „თუმცა საქართველოში მრევლს ეკლესიებში მისვლის შესაძლებლობა მაინც მიეცა“.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, საქართველოს შემთხვევა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ჯარიმები და აკრძალვები დააწესა –  ეკლესიამ უარი თქვა წესის შეცვლაზე. მღვდლებმა საერთო კოვზით მრევლის ზიარება განაგრძეს. ეკლესიის სულ მცირე ორ მსახურს კი კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა აღდგომის წირვა მაინც ჩატარდა. კომენდანტის საათის მიუხედავად, მრევლი სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ხალხს მოუწოდეს, ქვეყნის გულისთვის მეცნიერებისთვის მოესმინათ.

„უამრავ ქართველს კი უჩნდება კითხვა – რატომ დაუშვა გამონაკლისი მთავრობამ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ათასობით ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად შეძლო ეკლესიების მოლოცვა“, – წერს BBC და აქვეყნებს როგორ აღნიშნეს მართლმადიდებლებმა აღდგომა სხვა ქვეყნებში:

ისრაელი

იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიცია თითქმის დაცარიელებულ ეკლესიაში აღსრულდა. ტაძარი გასულ თვეს დაიკეტა და საკვირაო ცერემონიაზე დასწრების საშუალება მხოლოდ პირბადიან სასულიერო პირებს ჰქონდათ.

BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიციული რიტუალი საბერძნეთის პატრიარქმა თეოფილოს III-მ აღასრულა. წელს ცეცხლი ათასობით მომლოცველისთვის არ გადაუციათ. რიტუალს სომხეთის მართლმადიდებელი პატრიარქი, ოთხი თანაშემწე, კოპტი და სირიელი მთავარეპისკოპოსები ესწრებოდნენ. ცეცხლი ბენ-გურიონის აეროპორტში მიიტანეს, 10 ქვეყანაში გასაგზავნად.

რუსეთი

ყოველწლიური ტრადიციის დარღვევაზე თანხმობა განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც და მრევლს მოუწოდა, ტაძრებში არ მისულიყვნენ. წირვა მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით შესრულდა.

უკრაინა

უკრაინაში პოლიციელები ეკლესიებთან არიან განლაგებული, რათა მრევლის მრავალრიცხოვანი შეკრება აღკვეთოს.

საბერძნეთი

საბერძნეთში მთავრობა ვითარების მონიტორინგისთვის დრონებს იყენებს. გზებზე მოწყობილია ბლოკპოსტები სოფლებისა და კუნძულებისკენ გადაადგილების აღსაკვეთათ.

„როდესაც აღდგომის ცეცხლი ათენში, იერუსალიმის საპატრიარქოში მიიტანეს, ცეცხლი სხვა ეკლესიებში არ გაუვრცელებიათ. ეკლესიამ მხარი დაუჭირა აკრძალვას და ათასობით პოლიციელი განლაგდა, რათა ხელი შეეშალათ მოქალაქეებისთვის, სააღდგომო არდადეგებზე არ სწვეოდნენ ახლობლებს“.

ეგვიპტეში კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის პაპმა თეოდორიუს მეორემ ღვთისმსახურება შეკრების გარეშე აღასრულა მონასტერში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით, სადაც ჩანდა, რომ დიაკვნები და მღვდლები დისტანციას იცავდნენ. რუმინეთშიც მრევლი გააფეღხილეს, რომ სახლიდან გასვლისა და აღდგომის ცეცხლის მიღების საშუალება არ მიეცემოდათ, თუმცა თუ მორწმუნეები მოითხოვდნენ, მას სახლში მიიღებდნენ. ბულგარეთმა სოფიაში კომენდანტის საათი გამოაცხადა, რათა გადაადგილებისთვის ხელი შეეშალათ. სერბეთმა და მონტენეგრომ მლოცველებს დღესასწაულის სახლში აღნიშვნისკენ მოუწოდეს. ჩრდილო მაკედონიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი განაცხადა, რომ ხალხს ძალით ვერ შეუზღუდავდა ეკლესიაში მისვლას.