საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასების ფონზე ოპოზიციის პოზიცია აბსურდული ჩანს – კახიანი

პუბლიკა

მე იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს. ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური, კანონისმიერი გზა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან.

„სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად ცნო არჩევნების პირველი ტური. ამ ფონზე მათი პოზიცია სრულიად აბსურდული ჩანს. იმედი მაქვს, გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და შემდგომ უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას. თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, ჩატარდება მეორე ტურიც და პარლამენტის მუშაობასაც (თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიცია გადაწყვეტს, მოხდინოს ბლოკირება) ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება, პარლამენტი ჩვეულებრივად იმოქმედებს და, ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო საქმიანობა ვერ შეფერხდება.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე ვფიქრობ, ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ. აქ მთავარია ის, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს…”, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ დარღვევები იყო, უნდა მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს.

„როცა საუბრობენ, რომ რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, საჩივრებში ხომ უნდა აისახებოდეს. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, დაახლოებით, 450 საჩივარია. თუმცა ამას აქვს თავისი განხილვის ვადა. ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის უკვე შემდგარი და იმავდროულად ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ…

მათ მოთხოვნებს არანაირი პპერსპექტივა არ აქვს. ეს ერთმნიშვნელოვნად შემიძლია დავაფიქსირო, არანაირი შედეგი, ეს იქნება საპროტესტო აქციები თუ სხვა, არჩევნებთან დაკავშირებით ამას არ მოჰყება…. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ რაღაც დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, მათ შორის სასამართლო ორგანოს შესაბამისი ინსტანციები, მიმართონ სასამართლოს და იქ იდავონ ცალკეული შემთხვევების კანონიერებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჩივრებიც კი არ არის დაწერილი…”, – ამბობს კახიანი.