ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს სქემა, რომელიც 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეხება.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ასევე, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ. საქმეზე ჩატარდა 1 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. უწყების თქმით, ისინი „წლების განმავლობაში, პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ”.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018-2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.
დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად, იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე. რეალურად კი, აღნიშნული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით.
ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით, ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს, ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო, ფიზიკურ პირებზე საცალო რეალიზაციით, საფრთხე შეუქმნეს ათასობით მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.