საგანგაშოა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კულტურის სექტორის დისკრედიტაცია - NGO-ები

პუბლიკა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაუშვებელია კულტურული და სახელოვნებო სექტორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მათი დისკრედიტაცია. „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ რეჟისორ სალომე ჯაშს, მის კოლეგებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

„შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დემოკრატიული, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში. საგანგაშოა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კულტურული სექტორის წარმომადგენელთა დისკრედიტაცია და მათი შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების მხრიდან კულტურის სექტორის შეზღუდვა და მათზე თავდასხმა პირველი არ არის.

„ბოლო წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროს მხრიდან გახშირდა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმები, ,,ქართული ფილმის“ გამოძიებით დაშინება, სხვადასხვა თანამდებობებზე პოლიტიკასთან აფილირებული პირების დანიშვნა,თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება პოლიტიკური გემოვნების საფუძველზე, სამხატვრო გალერეაში ჟურნალისტების შეშვებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, არც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ცენზურის შემთხვევაა პირველი, 2022 წელს, საქართველოს კინოაკადემიის მიერ ფილმის ჩვენება აიკრძალა.

საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. „ხელოვანები დაცულნი უნდა იყვნენ ცენზურისგან და ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და დაშინებისგან“ აღნიშნავს ევროპის საბჭოს მანიფესტი – ,,ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიც იცავს, რომელიც პროგრესული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი აქტია, სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს კანონმდებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • უზრუნველყოს შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება;
  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრში, მანამ, სანამ არ შემუშავდება პროცედურული დოკუმენტი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული კინოცენტრის თანამშრომლები და სფეროს წარმომადგენლები;
  • უზრუნველყოს კინოს სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობა შემოქმედებით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან. სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია კინოცენტრის დირექტორის ერთპიროვნული წესით დანიშვნა. აღნიშნული რეგულაციის პირობებში კი შეუძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი.
  • შეწყდეს კონკრეტულ ხელოვანებსა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათი დისკრედიტაცია!

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

უფლებები საქართველო

საფარი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი

მედიის ინსტიტუტი

(სია განახლდება)