საია ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს

პუბლიკა

საქართველოს იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს.

„საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება“, – წერს საია.

ამის გათვალისწინებით, საიას თქმით, კანონის შესაბამისად, ცესკო ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შედეგები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გაცნობა.

„სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის თქმით, ორგანიზაცია აგრძელებს არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას, რომლის შესახებ დასკვნასაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.