საია: ჟურნალისტებზე პოლიციელების ძალადობა წახალისებულია დაუსჯელობის სინდრომით

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე პოლიციელების ძალადობა ა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში“.

ორგანიზაცია გამოეხმაურა დღეს, 4 თებერვალს პარლამენტთან  პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას.

დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიცია თავს დაესხა მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებს.

თავს დაესხნენ ასევე NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც ახლა გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.

აქციის მონაწილეები არ ცდილობდნენ სავალი გზის დაკავებას.

პოლიციელები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, იძალადეს და 2 ადამიანი დააკავეს კიდეც.

საიას შეფასებით, აქციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ხელს უშლიან მუშაობაში.

„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.

მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში“, – აცხადებს ორგანიზაცია.