საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა.
საიას ცნობით, საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საია დავობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს და წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯას და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოების დაშინებას.
ორგანიზაცია წერს, რომ მათთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში).
საჩივარი 2026 წლის 26 ივნისს გაიგზავნა და, როგორც საიას ახლახან ეცნობა, სტრასბურგის სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 3 ივლისს უკვე დაარეგისტრირა.
სტრასბურგის სასამართლოში საიას გაგზავნილი აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 3 საჩივარი: პირველი საქმე (№13661/25) ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საქმის განხილვის არსებითი ნაწილი დასრულებულია, მეორე საჩივარი (№36304/25) უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს; ხოლო მესამე საჩივარი (№10009/26) ეხება არასათანადო მოპყრობასა და საქმის არაეფექტიან გამოძიებას.