სუსი: ბრალდებულები ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს ინსპექტირებისას დადებით შედეგს უფორმებდნენ

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017-ის“ თანამშრომლის მეშვეობით, მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს ინსპექტირების დადებით შედეგს უფორმებდნენ.

„დაკავებულები ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას“, – აცხადებს სუსი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.