ავალიანის საქმის ორ არასრულწლოვან ფიგურანტს აკავებენ - პროკურორი ადასტურებს

პუბლიკა

ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორი „პუბლიკას“ უდასტურებს, რომ დაკავებულია გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და ერთ-ერთი მსჯავრდებულის შეყვარებული ნ.ი. სისხლის სამართლის კოდექსის 25-117 მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისმობს.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, ნ. ი. კლინიკაშია გადაყვანილი.

პროკურორი ასევე ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კიდევ ერთი არასრულწოვნის – ა. ბ.-ს დაკავების პროცედურა. ის ერთ-ერთი მსჯავრდებულის შეყვარებულია. მას სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით აკავებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ნ. ი.-ს ადვოკატი  გიორგი ლეკიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ ნ. ი.-ს საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ სახლში შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ერთ-ერთ პოლიციელს არასრულწოვნის დედა მიმართავს და ეუბნება: „შენ არ იცი, რომ არაფერ შუაშია?!“.

„პუბლიკა“ დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.

ამ ფაქტს „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე:

„ძალიან ვნერვიულობ. ძალიან ცუდად ვარ. განსაკუთრებით, ლეკიშვილი რომ ამბობს: „რომ არ მომკვდარიყო, კლინიკაში წაიყვანეთო“ – გამომძიებელს ეუბნება. ჯერ ერთი, არც არავინ კვდებოდა! 7 მაისს სასამართლოდან რომ წაიყვანეს [ნ.ი.] მაგაზე ჰქონდა საუბარი. მეორეც, ჩემი შვილი მიატოვეს! მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! ჩემი უდანაშაულო, სპეტაკი და გენიოსი შვილი. ჯანმრთელი და ჯანსაღი შვილი. მისი დედის [ნ. ი.-ს] ჩხავილიც მოისმინეთ ალბათ. რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს“, – განაცხადა კუპატაძემ.


გიგა ავალიანის საქმეზე უკვე 4 ადამიანია მსჯავრდებული. ოთხივე მათგანი მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო.

ალექსანდრე გაბაშვილს, რომელსაც ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურად ჯანრმთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, 10 წელი და 6 თვე განესაზღვრა. იგივე სასჯელი მიესაჯა გიორგი რიკაძეს.

კიდევ ერთ მსჯავრდებულს, დემეტრე ჩიქოვანს, რომელსაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებოდა, 6 წელი და 9 თვე განესაზღვრა.

ჩიქოვანი ასევე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში. საბოლოოდ ის პენიტენციურ დაწესებულებაში ჯამში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს.

მეოთხე მსჯავრდებულია ანა ნასყიდაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად.

ნასყიდაშვილს 5 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, ალექსანდრე გაბაშვილმა შეყვარებულისგან, ნ.ი.-სგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა.

ალექსანდრე გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

პროკურატურა აცხადებს, რომ მათ ავალიანზე თავდასხმა ერთხელ არ გამოუვიდათ, მეორედ კი 2025 წლის 1 ოქტომბერს განზრახვა სისრულეში მოიყვანეს.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდნენ.

ჯერჯერობით ნ.ი.-სა და ა.ბ-ს საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიების ოფიციალური ვერსია არ გავრცელებულა.

28 წლის გიგა ავალიანი 23-დღიანი კომის შემდეგ 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გიგა ავალიანის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სახელდება ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.