საია: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა - ის სახელმწიფოს შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებს, რომ აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა და ეს „სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ“.

მათივე განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას, რომელიც, „ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისაგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს“.

„პროსახელისუფლებო მედიის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია, სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს. აღნიშნულზე ყურადღებას ამახვილებს რეპუტაციული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, ამნესთი ინთერნეიშენალის მიერ 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნებული ანგარიშიც საქართველოში რეპრესიების შესახებ.

ანგარიში პროპაგანდით წახალისებულ ძალადობას რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მიიჩნევს. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ შეცდომაში შემყვანი ნარატივების გავრცელებას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება პირდაპირი თავდასხმები და შევიწროების სხვა ფორმები რაც ნათლად წარმოაჩენს ონლაინ დეზინფორმაციასა და რეალურ ცხოვრებაში ძალადობას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს.

ანგარიშში ამნესთი ინთერნეიშენალი საუბრობს სულ მცირე 6 ადამიანზე, რომლებიც 2023 წლიდან დისკრედიტაციის კამპანიის შედეგად გახდნენ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. აღსანიშნავია, რომ მედიები “იმედი” და “POSTV”, რომლებიც მსგავს კამპანიებში აქტიურად მონაწილეობენ, 2026 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი, პრო-რუსული ინფორმაციის გავრცელების გამო.

ასევე, მესამე პირთა მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყოფილ ადამიანებზე თავდასხმა წარსულში იდენტიფიცირებული ქცევის მოდელია.

სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი, ძალადობის წახალისების და დაუსჯელობის ზოგადი გარემოს შექმნის შედეგად, უგულებელყოფილი რჩება მისი ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ძალადობისაგან და უზრუნველყოს მოძალადეთა სათანადო პასუხისმგებლობა.

მაგალითად, 2026 წლის ივნისში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმში, აღნიშნული არის 2024 წლის საპროტესტო აქციებზე როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე ხელისუფლებასთან აფილირებული არაიდენტიფიცირებული ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე არსებული ლიმიტირებული პროგრესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საია მიიჩნევს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა, და, ზემოთ განხილული სხვა ქცევის მოდელები, „ერთიანობაში მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობრივ გარემოს ჯერ ქმნის, და შემდეგ ინარჩუნებს, რითაც, რეპრესიის სხვა ფორმებთან ერთობლიობაში, ჩნდება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების მნიშნველოვანი გამოწვევები“.


22 ივლისს სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გვიან ღამით გავრცელებული ცნობით, ბრალდებული, რომელიც თავდასხმის შემდეგ მიიმალა, განყოფილებაში თავად გამოცხადდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.

თავდასხმის შემდეგ ონისე ოქრიაშვილი კლინიკაში იყო მისული და კვლევები ჩაიტარა.

„ნოდარ დუმბაძე ძალიან იმაყებდა ამ საქციელით ალბათ, რომ ოთხმა ადამიანმა ჩამქოლა“, – თქვა მან კლინიკის დატოვების შემდეგ.

რამდენიმე დღეა, სამთავრობო პროპაგანდა ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტირებას ეწევა მის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო.

თავდასხმის კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს.

სამთავრობო პროპაგანდის საპასუხოდ იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ ის არ აგინებს მწერალ ნოდარ დუმბაძეს, როგორც ამას პროპაგანდა მანიპულირებს, არამედ ჰიპოთეტურად საუბრობს იმაზე, ვისი ზიზღი იქნება ყველაზე აბსურდული და ამის მაგალითად მოჰყავს ნოდარ დუმბაძე.

„სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტისა და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული, რაც გამახსენდა იმ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს და მერე მის გულს.

სხვათა შორის, კომედია მაგიტომ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, რომ მოულოდნელი არის იმ კონკრეტულ კონტექსტში და მაგიტომ ეცინებათ ადამიანებს და მაგიტომ ეცინებათ იმ კონკრეტულ მომენტშიც დარბაზშიც.

მე რომ იმ ხუმრობისას, მაგალითად, მეთქვა, რომ  „რა უცნაური იქნება, არა, ახლა შალვა რამიშვილი ეზიზღებოდეს“…, – განმარტავს იუმორისტი.