საია: თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედებები ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას ეხმაურება და აღნიშნავს – „თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ქმედებები ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით“.

ორგანიზაცია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს, პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება.

„2025 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებს შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის საფუძვლად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასახელებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა დაარღვიეს ნორმები. დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი გადაწყვეტილება სტატუსის შეწყვეტის შესახებ სტუდენტებს ეცნობათ მეილის საშუალებით 10 მარტს, ორშაბათს დილის 10:04 საათზე.

შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტს თან ერთვის წინა დღეს უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ჯერ მოსთხოვეს სასწავლებლის შენობის დატოვება, შემდეგ კი პოლიციის წარმომადგენლებმა 9 სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა.

სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა შენობის დატოვება. სტუდენტებმა მიმართეს თხოვნით მათთვის გამოეყოთ სხვა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ მშვიდობიანად პროტესტის გაგრძელებას.

მიუხედავად ამ თხოვნისა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო სტუდენტებისთვის ალტერნატიული სივრცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით მოსთხოვა შენობის დატოვება. საიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება.

თუმცა, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ზემოხსენებული ქმედებები ნათლად ცხადყოფენ, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.


10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სტატუსი შეწყვეტილი აქვს 10 სტუდენტს.

„პუბლიკა“ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩვენს ზარს არ პასუხობენ. მოგვიანებით უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. უნივერსიტეტი ამბობს, რომ რექტორს ერთი თვის ვადა აქვს თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

თეატრალური უნივერსიტეტის წესდებაში, რომელიც უნივერსიტეტის გვერდზეა გამოქვეყნებული, სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია ჩამოთვლილი. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტუდენტის სტატუსთან შეუთავაზებელი ქმედება. როგორიცაა:

  • თ.ა) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
  • თ.ბ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით.