საჯარო მოსამსახურეთა მობილიზება, უკანონო აგიტაცია - საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია | TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2020 წლის 1 ივლისიდან 22 ნოემბრამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძალადობის შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება, საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის, საარჩევნო კომისიების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მობილიზება საარჩევნო კამპანიისთვის საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტებისათვის და სხვა მანკიერი ტენდენციები არჩევნებიდან არჩევნებამდე მოუგვარებელ საკითხებად რჩება.

კერძოდ ნათქვამია, რომ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოვლინდა. ანგარიშში ვკითხულობთ:

  • ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი.  სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 20 ოქტომბრის შემდეგ განახლებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია. გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა.

  • საკუთრების დაზიანება: სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ასევე, გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალის და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. ასეთი ფაქტების გამოძიების მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე ძალადობის საქმეების გამოძიებისას.

  • ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება: პრობლემური იყო 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ  სამართალდამცველების მიერ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის თავდაპირველი გამოყენების ფაქტი, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაზიანდა. ცესკოს შენობასთან განვითარებული საპროტესტო აქციის დროს ადგილი ჰქონდა ასევე მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის, ფიზიკური დაზიანების მიყენების და მათი კუთვნილი ტექნიკური საშუალებების დაზიანების ფაქტებს.

  • არჩევნების დღეს და მის შემდეგ შედგენილი საჩივრების განხილვა: საყურადღებო იყო არჩევნების დღეს და მის შემდეგ მიმდინარე მოვლენები, გამოვლენილი დარღვევები და სამართლებრივი დავების პროცესი. არჩევნების მეორე დღიდანვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაიწყო საუბარი არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ. ასეთ ბრალდებებს ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსის ბევრი შემთხვევის არსებობამ შეუწყო ხელი. ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ფაქტებზე ზემდგომი საარჩევნო კომისიების (საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები) და სასამართლოების მხრიდან საჩივრებისა და სარჩელების თაობაზე დაუსაბუთებელმა და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურმა გადაწყვეტილებებმა. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილი საჩივრებისა და სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა ან განუხილველი დარჩა და არ იქნა დაკმაყოფილებული. შედეგად, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

  • სამსახურიდან გათავისუფლება: საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

  • პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს: წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგელებელყოფით დანიშნა, კერძოდ, პროფესიული ნიშნით დანიშნა ისეთი წევრები, რომლებიც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული, ეს კი წელს ამოქმედებული ახალი რეგულაციით, უკანონოა. გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად ამოწმებდა მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა.

  • საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ. ასევე წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით. ჩანაწერების გავრცელების მიზანი, როგორც ჩანს, აღნიშნული პირების დისკრედიტაცია იყო. ამჯერადაც გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერები ქართულმა სპეციალურმა სამსახურებმა შექმნეს და უცხოური ვებგვერდების მეშვეობით გაავრცელეს.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საანგარიშო პერიოდში ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის რამდენიმე სახეობის გამოყენების ტენდენცია დაფიქსირდა:

  • სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენება: ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა საჯარო თუ კერძო პროექტის მონახულების პრაქტიკას. ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ ხელს არ უწყობდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არსებობას.
  • საჯარო მოსამსახურეთა მობილიზება:  წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება,
  • უკანონო აგიტაცია: ასევე, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევას. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.