„საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები" – ხუნდაძე პროპორციულზე

პუბლიკა

„ვერავინ დამარწმუნებს ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში, –  განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს კენჭს დღეს  უყრის.

„დღეს უნდა დასრულდეს, რადგან ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები, მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარები. თქვენ ნახეთ, გუშინაც მათი პრინციპული პოზიცია და მყარი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. თხოვნა მექნება, რომ დავანებოთ ზედმეტ სპეკულაციას თავი. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად გულწრფელები. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრისა და თვითონ პარლამენტის შემდგომ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ვემხრობით და სწორედ ამ მიმართულებით არის ჩვენი შეთავაზება, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც კონკრეტულ წარმომადგენლებს არა „ქართული ოცნების“ ან რომელიმე ერთი აღებული გუნდის წარმომადგენლებს თუ ექნებათ საშუალება სხვადასხვა პარტიას, წარმომადგენლებს, დააყენონ თავიანთი კონკურენტუნარიანი კანდიდატი, ოღონდ ის არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც მათთან ასოცირებული, ან განაყარიდან ან შვილობილი პარტიებიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ არ დავუყენოთ კონკურენტი და შევინარჩუნოთ მრავალპარტიულობა პარლამენტში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile