საკოორდინაციო საბჭოზე კომენდანტის მოხსნის საკითხი არ განხილულა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, ამ მაჩვენებლებით რეგულაციების შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯერჯერობით, რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

„დღეს ეს [კომენდანტის მოხსნის] საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას და ინდიკატორი უმჯობესდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. დღესაც 1000 შემთხვევაა ახალი. გასაგებია, რომ ეს სამშაბათის სინდრომია. სამშაბათს ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც ჩვენი საშუალო შემთხვევები მერყეობს 300-600-700-ს შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია, ჯერჯერობით, სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გაუწევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, 10 დღის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, შემსუბუქდება თუ არა დაწესებული შეზღუდვები.