საკვები, კომუნალურები, ტრანსპორტი - სამოქალაქო ინიციატივები კორონავირუსის დროს

„დაგვიკავშირდა ნინო [სტატიის ამ ნაწილში სახელი და გვარები შეცვლილია], რომელსაც ჰყავს ორი შვილი – 4-ის და წლინახევრის – და პენსიონერი დედა. კრიზისამდე ის ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა, ახლა კი მისმა სამსახურმა არსებობა შეწყვიტა!… [ნინომ] მოახერხა გადასახადების ნაწილის გადახდა წინასწარ გამოტანილი დედის პენსიით  და შეძლებისდაგვარად შეამცირა თავდაპირველი თანხა. ის აცნობიერებს იმასაც, რომ ბევრი ადამიანი შესაძლოა დღეს მასზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდეს, რადგან ოჯახს არ აქვს სოცდაუცველის სტატუსი. თუმცაღა რახან სხვა გზა არ დარჩა, იძულებული გახდა და ჩვენ მოგვმართა… რომ შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ მას და მის შვილებს შექმნილი მდგომარეობა!…“.

„აბონენტი ქუთაისიდან – ენერგოპრო – 90 ლარი, წყალი (გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია) – 53 ლარი, მაგთის ინტერნეტი – 30 ლარი. [ნანა] სამი შვილის დედაა, მათ შორის მცირეწლოვნების, მარტოხელა მშობელი. ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც მძიმე სენითაა დაავადებული. ოჯახი სოციალურად დაუცველია. წვალებით იძენენ საკვებს. ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ მათი მდგომარეობა დაამძიმა. არ აქვთ ბუნებრივი აირი, მხოლოდ ელექტროენერგიაზე არიან დამოკიდებული. ბავშვები შეიძლება ჩამორჩნენ განათლებას, ამიტომ ყველა წუთი მნიშვნელოვანია… ბოლო ვადა 2 დღეში აქვთ“.

„ქალბატონი გვატყობინებს, რომ მისი მეუღლე მუშაობდა დღიურ მუშად, ცხოვრობენ 14 კვადრატულ მეტრ არასაკუთარ ფართში, გლდანში. ახლა კი ყველაფერი გაჩერდა. [ნაზის] თქმით, ბავშვები ინტერნეტის გადაუხდელობის შემთხვევაში ონლაინგაკვეთილებს ვერ დაესწრებიან. ოჯახს მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი… მათ სოცდაუცველის ბარათს ვდებ კომენტარში“.

„სამგორიდან გვიკავშირდება უმუშევრად დარჩენილი [ლალი] ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა. [ლალის] თქმით, იგი ყოველგვარი მარაგის გარეშე დარჩა. გადაუხდელობის შემთხვევაში ჩაუჭრიან დენსაც და გაზსაც, რის შედეგად ბავშვის საკვების მომზადებასაც ვეღარ მოახერხებს. მისი სოციალურად დაუცველთა ბაზის ამონაწერი იხილეთ კომენტარში“.

ამგვარ ისტორიებს ბევრს ნახავთ facebook-ჯგუფში, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარებიან. „გადავუხადოთ ერთმანეთს კომუნალური გადასახადები“ – სოფო შუბითიძემ ეს ჯგუფი დაახლოებით ერთი კვირის წინ შემქმნა.

„პუბლიკას“ უყვება, რომ „კორონავირუსის კრიზისის“ დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, დახმარებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც კომუნალურების გადახდას ვერ ახერხებდნენ. ამისთვის თავიდან facebook-პოსტი საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, შემდეგ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა ჯგუფში ეძებდა. მისი თქმით, ასე გაფანტულად ამ ადამიანების მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტა, შეექმნა facebook-ჯგუფი. თავისი მეგობარი, სოფო აბაშიძე დაიხმარა და ახლა ეს ორი მეგობარი მართავს ჯგუფს, რომელსაც უკვე 800-მდე წევრი ჰყავს.

„მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: გვიკავშირდებიან მოქალაქეები, ვინც არის სოციალურად დაუცველი, ვინც დაკარგა სამსახური ამ კრიზისის დროს, მრავალშვილიანები, მოხუცები და ა.შ. გვაწვდიან ინფორმაციას თავიანთი დავალიანების შესახებ, გადასახადის შესახებ. მერე ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას, რამდენადაც შეგვიძლია, რომ ეს ონლაინ გადავამოწმოთ. ვთხოვთ, სოცდაუცველის ან პენსიონერის საბუთს მაგალითად; თუ დევნილია – შესაბამის საბუთს.

თუ ადამიანს არ აქვს ასეთი საბუთი, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის გულწრფელი იყოს. შეიძლება არ იყოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მასაც სჭირდებოდეს დახმარება და ასეთ ადამიანებსაც არ ვეუბნებით უარს, თუ მისი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დადასტურდება.

ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ დავალიანებებს ვერ ვწვდებით, ზოგი მოგვმართავს და აქვს 400, 600, 1000 ლარის დავალიანება. ასეთებს ვერ ვეხმარებით და გადავწყვიტეთ, დაგვეწესებინა ლიმიტი, ყველა კომუნალურის ჩათვლით – გაზი, ელექტროენერგია, წყალი, ინტერნეტი 180 ლარს რომ არ სცდებოდეს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას სოფო.

რაც შეეხება თანხას, მისი თქმით, თანხა არავის ანგარიშზე არ ირიცხება და არ გროვდება. ჯგუფში გადამოწმების შემდეგ იწერება აბონენტის ნომერი და მსურველს შეუძლია, პირდაპირ გადაიხადოს კონკრეტული ოჯახის დავალიანება.

„ეს თანხა არ მიდის ვინმეს კონკრეტულ ანგარიშზე, ეს არ მუშაობს როგორც ფონდი. ჯგუფში პირდაპირ იწერება აბონენტის ნომერი, და დახმარების მსურველს შეუძლია, რომ ინტერნეტბანკით ან ჩასარიცხი აპარატიდან აბონენტის ნომერი აკრიფოს, მოძებნოს კონკრეტული ოჯახის დავალიანება და ნახოს, რომ ამ ადამიანს აქვს, მაგალითად, 35 ლარი გადასახდელი. თუ ნული ლარი იქნება, ე.ი. ვიღაცამ დაუფარა ეს დავალიანება… ჩვენი ფუნქცია არის ასევე ის, რომ სწრაფად გადავამოწმოთ, თუ ვინმეს უკვე გადაუხადეს თანხა, რომ ზედმეტად ან ხელმეორედ არ ჩარიცხოს ვინმემ“, – ამბობს სოფო შუბითიძე.

მისი თქმით, დახმარების მსურველთა სიმრავლის გამო მათი მოხალისეობრივი საქმე საკმაოდ შრომატევადია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თავადაც მუშაობს და სხვა ვალდებულებებიც აქვს.

„ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ასე მუშაობა. გარდა ამისა, მე მაქვს სამსახური, მაგრამ ახლა დისტანციურად ვმუშაობ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დროის თითქმის 70% ამ ჯგუფის ადმინისტრირებისკენ არის მიმართული. ზოგი ადამიანი ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად დავდოთ მათ შესახებ ინფორმაცია, მუდმივად რაღაცას გვეკითხებიან, ამიტომ სულ უნდა ვიყოთ ხაზზე. რთულია, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდებით, ერთმანეთს ვენაცვლებით, კენტ რიცხვებში მე ვარ ხოლმე ადმინი, ლუწ რიცხვებში სოფო. ჯერჯერობით 2 ადამიანი ვყოფნით, მაგრამ თუ ვეღარ ავუვალთ, ვფიქრობთ, ვინმე დავიმატოთ, დავიხმაროთ, რა თქმა უნდა, მოხალისედ, ვინც სურვილს გამოთქვამს. შეიძლება ან ჯგუფში დავწეროთ ან ჩვენი სხვა მეგობარი დავიხმაროთ. ჯერჯერობით ვუმკლავდებით“, – ამბობს სოფო.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გასვლის შემდეგ უნდა, რომ ეს წამოწყება არ დაიკარგოს და ადამიანების დახმარება გააგრძელონ.

„ეს მხოლოდ ქველმოქმედებისა და სიკეთის კეთების პოპულარიცაზია არ არის, უფრო სამოქალაქო პასუხისმგებლობას დავარქმევდი. ვუწოდებდი სახელმწიფოს ჩანაცვლებას, სახელმწიფოს ნაცვლად მოქმედებას, რომ მხარი დავუჭიროთ ასეთ ადამიანებს და გადასახადები გადავუხადოთ მათ, ვისაც ეს არ შეუძლია“, – ამბობს სოფო შუბითიძე.

კორონავირუსის ვითარების ფონზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და მოხუცების წამლებისა და საკვებისთვის facebook-ზე შეიქმა კიდევ ერთი ჯგუფი.  იდეის ინიციატორი ზაზა ძოძუაშვილია. „პუბლიკასთან“ საუბრისას აქტივისტი ანუკა მუზაშვილი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში ძირითადად უსახლკაროებს დაეხმარნენ, თუმცა ახლა ამისთვის ისედაც მწირი რესურსები გამოელიათ. შესაბამისი რესურსის მოპოვების შემთხვევაში კვლავ განაგრძობენ გაჭირვებულთა დახმარებას.

სოციალურ ქსელში მოქალაქეთა კიდევ სხვა ინდივიდუალური ინიციატივების შესახებ ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია. ერთ-ერთი ასეთია პურის უფასოდ დარიგების აქციაც – „გაქვს გაიღე, არ გაქვს, აიღე. დავეხმაროთ ერთმანეთს“, – წერია წერეთლის გამზირზე პურის დახლზე.

უფასო ტრანსპორტირება მედიკოსებსა და მათ, ვინც სახლში ვერ რჩება

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და, ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა, აიკრძალა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი მანქანით ექიმებს, ექთნებსა თუ სხვა გადაუდებელ სამსახურში მიმსვლელებს მანქანით ემსახურებიან.

ერთ-ერთი მათგანი გიორგი ხიზანაშვილია. როგორც ის გვიყვება, გუშინ, როდესაც პრემიერმა გამოაცხადა, რომ ტრანსპორტი აღარ ივლიდა, გადაწყვიტა საკუთარი მანქანით ადამიანების უსასყიდლოდ დახმარება და სამსახურამდე მიყვანა.

როგორც ის „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, ძირითადად მედიცინის მუშაკებმა დაურეკეს და დღეს დაახლოებით 15 მათგანს მოემსახურა. იყვნენ სხვა პროფესიის ადამიანებიც, რომლებიც სამსახურში ვერ მიდიოდნენ.

 „დღეს ძირითადად მედიკოსებმა დამირეკეს, ისინი წავიყვანე უსასყიდლოდ. ხვალაც ძალიან ბევრთან უნდა მივიდე და წავიყვანო. მედიკოსები არიან ძირითადად. მივიყვანე დღეს „არამიანცის“ საავადმყოფოში, გაგუაში“, – ამბობს გიორგი.

Facebook-პოსტში გიორგი ბენზინგასამართ სადგურებს მიმართავდა, რომ საწვავი უფასოდ მიეწოდებინათ. როგორც გვიყვება, გამოჩნდა კიდეც ერთი დამფინანსებელი, რომელმაც ერთჯერადად თანხაც ჩაურიცხა.

„დიდი მადლობა მას. ამ ადამიანებსაც უფრო თამამად მოვემსახურე, მშვიდად ვიყავი, რომ საწვავი მქონდა“,- ამბობს ის.

ჩვენთან საუბრისას ის კიდევ მიმართავს სხვებს, რომ შეეხიდონ საწვავის თანხის მოგროვებაში.

„დღეს უკვე 330 კილომეტრი გავიარე. ერთი ბაკი მთლიანად დაიხარჯა. თუ ვინმე გამოჩნდება დამფინანსებელი, უარს არავის ვეტყვი დახმარებაზე“, – ამბობს ის.

ადამიანების დახმარების სურვილი გამოთქვა ასევე ირინამ და მისმა მეუღლემ. ისინი ჰყვებიან, რომ კორონავირუსის გამო ვეღარ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, გუდაურში ტურისტებისთვის პარალპანები ჰქონდათ. შემდეგ კი, ვინაიდან მანქანები ჰყავთ, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტეს დაეხმარონ მათ, ვისაც სამსახურამდე მისასვლელი ტაქსის ფული არ აქვთ.

„თუ რომელიმე ბენზინგასამართი სადგური დაგვიდგება გვერდში და რაღაცა რაოდენობის საწვავს უსასყიდლოდ ჩაგვისმახს, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახურებით“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ირინე თოთიბაძე-ალიევა.

ექიმებს საკუთარი მანქანით დახმარებას სთავაზობს ასევე გიორგი გიორგაძე.

„კარანტინი რომ გამოცხადდა და დაიწერა, რომ საზოგადოებრვი ტრანსპორტი აღარ ივლიდა, ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ტაქსით იაროს სამსახურში. დღესდღეობით ყველაზე მეტად საჭიროა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა იარონ სამსახურში. მინდოდა, მაქსიმალურად გვერდში ამოვდგომოდი, მხარი დამეჭირა მათთვის და ვიფიქრე, იქნებ რამეში დავეხმარო-მეთქი“, – გვიყვება გიორგი.

მისი თქმით, დღეს უკვე 3 ექიმი მიიყვანა სამსახურში და სამის ზარსაც ელოდება. „კალენდარი მაქვს გაკეთებული და იქ მიწერია ყველაფერი“.

როდესაც ამ ინიციატივის შესახებ facebook-ზე დაწერა, მისმა მეგობრებმაც გამოთქვეს ადამიანების დახმარების სურვილი, ამიტომ საწვავის ფულს თვითონ და მისი მეგობრები იხდიან.

გარდა აქ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, facebook-ზე ასევე შექმნილია ჯგუფი – „დავეხმაროთ ონკოპაციენტებს“. ჯგუფის ადმინისტრატორი, ჟურნალისტი ელისო ჯანაშია წერს, რომ ონკოლოგიური პაციენტები ამ პერიოდში ყველაზე მეტად წარმოადგენენ რისკჯგუფს და მათ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა ესაჭიროებათ კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად. ბევრი მათგანი ვეღარ ახერხებს გარეთ გასვლას ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად, ზოგს სახსრები არ აქვს წამლის საყიდლად, რადგან აღარ მუშაობს და თვითიზოლაციაშია. „ამიტომაც საჭიროა მათი მხარდაჭერა, გამხნევება და ფიზიკური დახმარება, ვისაც რით შეგვიძლია!“, –  ვკითხულობთ ჯგუფში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივ დასანერგია დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც გასწვდება ყველას, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში დაკარგა ან დაკარგავს შემოსავალს.

„მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ისეთი სოციალური პროგრამებიც, რომლებიც პირდაპირ შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას მიემართება. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, პოსტკრიზისულ ეტაპზე დაიწყოს უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნა, რომლის არარსებობა დღევანდელ კრიზისს ერთიორად აღრმავებს“, – წერს EMC.

„გარდა იმ გეგმისა, რომლებიც მთავრობას უკვე მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების კუთხით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 21 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1 აპრილს კი გახარიამ განაცხადა, რომ სამი თვის განმავლობაში მოქალაქეთა ნაწილს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა დაუფინანსებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი.