სამინისტროს განცხადებით, წლის ბოლოსთვის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საავადმყოფოსთვის გამოყოფილი ახალი შენობა „კარგი ფაქტურისაა და ყველაზე მეტადაა გათვლილი და მორგებული თანამედროვე სამედიცინო დაწესებულების საჭიროებას“.

„სახელმწიფო მფლობელობაში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ინფექციური საავადმყოფო, ყველაზე უკეთესი. წლების მანძილზე ვერ მოიძებნა შესაბამისი შენობა. ძალიან რთულია, ინფექციურ საავადმყოფოს ისეთი ნორმატივები აქვს, რომელიც არ აქვს არც ერთ სხვა კლინიკას. ლაპარაკია ბოქსირებულ განყოფილებაზე და სპეციალურ სავენტილაციო სისტემებზე, ასეთი შენობა ვერ მოიძებნა, რატომ, არ ვიცი. ამას ჩვენ არ ვეძებდით, სამინისტრო და მთავრობა იძიებდა. მას შემდეგ, რაც მოძიებული იქნა, შარშან სექტემბერში გადმოგვეცა ახალი შენობა, რომელიც ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებითაა. ამის შემდეგ რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი და ტენდერში არც ერთი კომპანია არ შემოვიდა, პასუხისმგებლობა ვერ აიღეს ინფექციურის ნორმატივების შესრულებაზე. ახლა ვინ აკეთებს, არ ვიცი. რამდენადაც ვიცი, ჯდება 20 მილიონი ლარი. ამ წელს სახელმწიფო „ავერსს“ იჯარის საფასურს გადაუხდის, ახალ ხელშეკრულებას აფორმებენ ერთი წლით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღევანელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს ინფექციური საავადმყოფოს ახალ მისამართზე გადასვლისა და ახალი შენობის გარემონტების საკითხი.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული დაჩქარებულად, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე ინფექციურის მენეჯმენტისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკა.

არის ძალიან კარგი ახალაშენებული შენობა, დაახლოები 15  ათას კვადრატულ მეტრამდე“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, ახალი შენობა ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს. მისი რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი.