ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (FIS) 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლო უცხოური ჩარევის ნიშნები აღმოაჩინა. უწყების განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხებზე, სავარაუდოდ, ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ მხარი დაუჭირონ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა არ სახელდება კონკრეტული ქვეყანა, რომელიც სავარაუდო ჩარევის უკან დგას.
განცხადება ექსკლუზიურად სამთავრობო მედია-გამოცემა Armenpress-მა გამოაქვეყნა.
FIS დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში სხვადასხვა აქტორი, რომლებიც თავს ამ ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებად ასაღებენ, „ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ“ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სომხური წარმოშობის პირებსა და სომხეთის მოქალაქეებზე.
ზეწოლის მიზანია, „აიძულონ მოქალაქეები იმ პოლიტიკურ ძალებს დაუჭირონ მხარი, რომლებმაც სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ ეს ქმედებები მოიცავს „აღნიშნული ბიზნესმენების მიერ ამ პოლიტიკური ძალებისთვის ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას აღმოჩენას“.
მიიჩნევა, რომ მოახლოებულ არჩევნებში მმართველი პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტსის“ (იგივე „სამოქალაქო ხელშეკრულება”) მთავარი მეტოქე პრორუსი სომეხი მაგნატის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი“ იქნება.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ბოლო გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 20%-მა ყველაზე სანდო პოლიტიკურ ფიგურად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაასახელა. მას მოსდევს კარაპეტიანი 10%-ით.
კარაპეტიანი, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაშია, 2025 წლის ივნისში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სომხურ სამოციქულო ეკლესიას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირების ფონზე საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა. პატიმრობაში ყოფნისას კარაპეტიანმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველ სხვა მთავარ კანდიდატებს შორის არიან ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ (მოქმედი პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია), ასევე ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი – პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, რომელიც პოლიტიკური „ნოეს კიდობნის“ აშენების პირობას დებს.
„როგორც ნოემ დაინახა გადარჩენისა და აღორძინების გზა, ჩვენც დღეს იგივე უნდა ვცადოთ“, – განაცხადა წარუკიანმა.
ყოფილ მმართველ „რესპუბლიკურ პარტიასა“ და მის ლიდერს, 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გადაყენებულ ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებიათ.
„საზოგადოებრივი კონტრაქტი“, რომელიც არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობას დებს, საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების შემდეგ ფორმირებული კოალიციის მეშვეობით აპირებს.
„ჰიბრიდული თავდასხმები“
ბოლო ანგარიშის გარდა, სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახური მანამდეც აცხადებდა, რომ არჩევნების წინ „სხვადასხვა საგარეო აქტორების მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული გავლენის ოპერაციები, დიდი ალბათობით, უფრო ყოვლისმომცველი, რთული და მასშტაბური გახდება“.
დაზვერვის წლიურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წელს სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები არჩევნების მოახლოებასთან ერთად „დიდი ალბათობით, უფრო კომპლექსურ ხასიათს მიიღებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის გამოკვეთილი კონკრეტული ქვეყანა, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ უკან დგას, ევროკავშირისა და ერევნის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვი დაადანაშაულეს ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებაში, მათ შორის დეზინფორმაციულ კამპანიებსა და სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევის სხვა მცდელობებში.
არჩევნებამდე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სომხეთში ასევე დაფიქსირდა უცხოური წყაროებიდან მომავალი მზარდი დეზინფორმაცია – დეზინფორმაციის ავტორები ცნობილი საინფორმაციო გამოცემების იმიტაციას ახდენენ, რასაც ხელისუფლება „ჰიბრიდულ თავდასხმებად“ აფასებს.
2026 წლის თებერვალში ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა, ნაზერლი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ რუსული და ჩინური ბოტების ქსელები: „მატრიოშკა“ (Matryoshka), „შტორმი“ (Storm) და „დრეგონბრიჯი“ (DragonBridge) პასუხისმგებელნი არიან სომხეთის შესახებ ყალბი ნარატივების გავრცელებაზე.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.