საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პუბლიკა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა.

ნაკრები პრემიაზე ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.

საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულების, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე მივიდა, სადაც გამარჯვება ქომაგებთან ერთად იზეიმეს.

რესპუბლიკის მოედანზე იყო პრემიერი და თბილისის მერიც. მათ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს.

„ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი! დიდი სიყვარული მინდა, გამოვხატო თითოეული მათგანისა და თითოეული თქვენგანის მიმართ, უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“ – თქვა კობახიძემ.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთი პენალების სერიაში დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გადის. ეს ისტორიაში პირველად ხდება.