საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ „დინამოსთან“ ქომაგები შეიკრიბნენ

პუბლიკა

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის საგულშემატკივროდ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონთან გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

🇬🇪 ჩვენი გუნდი სტადიონზეა!👏🏻 მადლობა ქომაგებს!

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი, 2020

გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სტადიონზე შეძახილებით, ოვაციებითა და „ფლეშმობით“ მიაცილეს.

დინამოს მიმდებარედ დღეს მატჩის საყურებლად ეკრანს გამართავს ქომაგთა ჯგუფი, ასევე მეორე ეკრანი ექნება „გირჩს“.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს ფეხბურთის საყურებლად და მასთან სასაუბროდ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონის წინ ეპატიჟება.’


კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დინამოზე მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

„მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის „დინამო არენას“ ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის „დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 5 სექტემბერს..