საქართველოს რაგბის ნაკრები რვა ერის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

პუბლიკა

“სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.” – ინფორმაციას ამის შესახებ რაგბის კავშირი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

“ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.”- ნათქვამია განცხადებაში.