საქართველოში გურიის ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება - სააგენტო

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით გურიის ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თქმით, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

„ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგანეტო აღნიშნავს, რომ გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.

ეროვნული პარკის დაარსების პროექტი იწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო ამბობს, გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად (KBA). ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP)“ ნაწილია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წლებია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში.