საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება - მინისტრი

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ადვოკატ ნიკა გვარამიასთვის 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და სამართლებრივ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება.

„ცალსახად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება სასამართლოსი არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება.

რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციას [საერთაშორისო საზოგადოებაში], რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული. ქვეყანა მიდის ევროინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას…“ – განაცხადა დავითაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ევროპული ღირებულება, როდესაც ტელევიზიის დირექტორს სვამენ ციხეში, მინისტრი პასუხობს, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია.

„კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი. მე მგონი, ვთანხმდებით ამაზე“, – თქვა მან.

არის თუ არა გვარამიას დევნა პოლიტიკური, ამ შეკითხვას მინისტრმა აღარ უპასუხა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტს პასუხი უკვე გასცა.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას დღეს სასამართლომ 3.6 წელი მიუსაჯა. გვარამიას 2019 წელს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განაჩენით, გვარამია წარდგენილ 3 მუხლში გამართლდა.

კერძოდ, გამართლდა:

  • ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
  • კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლის მესამე ნაწილი);
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს– მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.

I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვრამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-სთვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.