საქართველოში თანასწორობის მეხუთე კვირეული ტარდება

პუბლიკა

ევროპის საბჭო საქართველოში რიგით მეხუთე თანასწორობის კვირეულს
აღნიშნავს.

თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების და
თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიურობის ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებას, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შესახებ.

წელს, კვირეული 15 ნოემბერს “დედაენის ბარში” გაიხსნა. ღონისძიებაზე
წარმოდგენილი იყო გამოფენა „წინააღმდეგობის ძაფები“.

გამოფენამ გააერთიანა შვიდი ავტორის ნამუშევარი, რომლებიც ასახავს განსხვავებულობის მრავალმხრივ გამოცდილებებს და გვესაუბრება მის თანმდევ გრძნობებსა და ემოციებზე.

გამოფენამ წინააღმდეგობის, ხშირად უხილავი, მაგალითები გამოიტანა დღის სინათლეზე და წარმოადგინა ანდრო დადიანის, სალომეა ბაუერის, დინა ოგანოვასა და Chai Khana-ს ნამუშევრები.

გამოფენის პარალელურად, სამი აქტივისტი: ბექა გაბადაძე, ქამრან აფენდიევი და ნესტან ანანიძე წარდგა საინტერესო გამოსვლებით TED Talks-ის სტილში, თემაზე „ჩემი თანასწორობის ისტორია“. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური და რელიგიური
უმცირესობების გამოწვევებსა და LGBTI ადამიანების მიმღებლობასთან
დაკავშირებული თემებზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ნატალია ვუტოვამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ბერგლიოტ ჰოვლანდიმნა, ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში და მელინე არაკელიანმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის ნატალია ვუტოვას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით იკვეთება გაუმჯობესებული სტატისტიკა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგიერების კუთხით, თუმცა მიუხედავად ამისა, უმცირესობების წევრები, კვლავ ხშირად ხდებიან თავდასხმისა და სიძულვილის ადრესატები, ეთნიკური იდენტობის, სქესის თუ რელიგიური ნიშნით.

“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. როგორც უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, საზოგადოებაც უფრო მეტად აცნობიერებს უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ევროპის საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ სამთავრობო უწყებები, პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებით გადაჭრიან თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებ, რომ
მიიღწევა ამ საკითხის გარშემო არსებული მოსაზრებებისა და მიდგომების
სინერგია და კანონმდებლობის, პოლიტიკის და პრაქტიკის სრულყოფა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ეს კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებამდე, რომელიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ.”- განაცხადა ვუტოვამ.

კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების 2021-2022 წლების სტატისტიკის ანალიზის პრეზენტაცია.

სტატისტიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და უზენაესი სასამართლო 2020 წლიდან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, აწარმოებენ და აქვეყნებენ საქსტატის ვებგვერდზე.

სტატისტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ 2021-2022 წლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გაზრდილია როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეებისა და მსჯავრდადებულ პირთა გამოვლენის რაოდენობის მაჩვენებლები.

კერძოდ, შესაძლო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების საერთო რაოდენობა 5,8%-ით არის გაზრდილი (2021-ში 1 703 საქმე – 2022-ში – 1 802 საქმე), ანალოგიურად, ამავე პერიოდში 40%-ით არის გაზრდილი სისხლისსამართლებრივი დევნა − პირებზე, რომლებმაც შეუწყნარებლობის ნიშნით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს.

ამავე დანაშაულზე, 73%-ით არის გაზრდილი სასამართლოს განხილული საქმეების რაოდენობა და 82,2%-ით გაიზარდა გამოვლენილი მსჯავრდადებული პირების რაოდენობაც.